სამგორის რაიონში პარკი გაიხსნა
არკის ტერიტორიაზე განახლდა საფეხმავლო ბილიკები, განთავსდა საპარკო ინვენტარი, მოეწყო გარე განათების სისტემა, საბავშვო და სპორტული მოედნები, ვიდეომეთვალყურეობის სისტემა და დასასვენებელი პავილიონები. ტერიტორიაზე განხორციელდა გამწვანებისთვის საჭირო ყველა ღონისძიება. კერძოდ, დაირგო სხვადასხვა სახეობის 5 524 მწვანე ნარგავი და მოეწყო სარწყავი სისტემა.
ახალი მწვანე სივრცე დედაქალაქის მერმა გახსნა და მოსახლეობას სიტყვით მიმართა.
„აი, ეს არის სიცოცხლით სავსე თბილისი, სიცოცხლით სავსე სამგორის რაიონი. მე, როგორც დედაქალაქის მერს, როგორც ამ ქვეყანაში, ამ ქალაქში მცხოვრებ რიგით მოქალაქეს ძალიან მეამაყება და მიხარია, რომ დღეს გვაქვს შესაძლებლობა, გავხსნათ შესანიშნავი პარკი – რეკრეაციული სივრცე, რომელიც გათვლილია ყველა თაობის ადამიანზე. ეს იქნება ადგილი, სადაც თქვენ შეძლებთ დასვენებას, გართობას, ვარჯიშს. მხოლოდ ერთი თხოვნა მაქვს – ამ პარკს ყველამ ერთად მოვუაროთ და გავუფრთხილდეთ, რადგან სამწუხაროდ, ხდება ვანდალიზმის ფაქტები.
ეს ყველაფერი თქვენია, მეგობრებო. ამ პატარა ანგელოზების – ჩვენი შვილების, მომავალი თაობების არის, ამიტომ, გავუფრთხილდეთ და მოვუაროთ ამ ყველაფერს,“, – განაცხადა კახა კალაძემ.