ბათუმის არქეოლოგიურ მუზეუმთან სამ 18-სართულიან კორპუსს აშენებენ
ჭავჭავაძის #81/83/85/87-ში სამშენებლო ტერიტორია 5 საკადასტრო ერთეულს აერთიანებს, მათ შორის არის მიწის ნაკვეთი, სადაც წლების წინ მშენებლობა დაიწყეს და ვერ დაასრულეს.
ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. ძეგლიდან 150 მეტრის რადიუსში კანონი კულტურული მემკვიდრეობის შესახებ კრძალავს ისეთ მშენებლობას, რომელიც დაჩრდილავს ძეგლს. ძეგლიდან 150 მეტრში, იგივე ძეგლის დაცვის ზონაში მშენებლობას კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ზონალური საბჭო ითანხმებს.
ჭავჭავაძის 87-ში მშენებლობა შპს „ჰოლდერმა“ წლების წინ დაიწყო, თუმცა დასრულება ვერ შეძლო. მერიასთან შეთანხმებით აქ მშენებლობას „ბმ ჯგუფი“ გააგრძელებს. ახალი ნებართვის მიხედვით, კომპანია ბათუმის არქეოლოგიურ მუზეუმთან ერთ დაწყებულ კორპუსს დაასრულებს და კიდევ 2 ახალ კორპუსს ააშენებს. კორპუსები 18-სართულიანი იქნება.