საბურთალოს, ვაკის, ისნის, მთაწმინდის, კრწანისისა და სამგორის რაიონში მცხოვრებ 33 ოჯახს საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები გადაეცა
თბილისის მერმა კახა კალაძემ საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები დღეს საბურთალოს, ვაკის, ისნის, მთაწმინდის, კრწანისისა და სამგორის რაიონში მცხოვრებ 33 ოჯახს გადასცა. წლების განმავლობაში დაუკანონებელი საცხოვრებელი ფართები ამ ოჯახებს სიმბოლურ 1 ლარად გადაეცათ.
„დღეს 33 ოჯახს გადავეცით საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები. ეს ის ფართებია, სადაც ეს ადამიანები ათეული წლების განმავლობაში ცხოვრობდნენ და გარკვეული მიზეზების გამო ვერ ხერხდებოდა მათი დაკანონება. 2017 წლიდან, როდესაც დედაქალაქის მოსახლეობის უმრავლესობამ ამირჩია, დავიწყეთ აღნიშნული პროგრამის განხორციელება და 3000-მდე ოჯახი უკვე დაკმაყოფილებულია და გადაცემული აქვთ საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები. რა თქმა უნდა, ეს პროგრამა გაგრძელდება იქამდე, ვიდრე ამ პრობლემის მქონე ყველა ოჯახი არ დაკმაყოფილდება. ჩვენგან იქნება მაქსიმალური ხელშეწყობა. აუცილებლად უნდა მიმართონ იმ რაიონის გამგეობას, სადაც ისინი ცხოვრობენ და ჩვენი თანამშრომლები მათ მაქსიმალურად გაარკვევენ იმაში, თუ რა საბუთები უნდა წარმოადგინონ. ამის შემდეგ დედაქალაქის მთავრობა მიიღებს გადაწყვეტილებას. ამ 33 ოჯახს ვულოცავ და ვუერთდები მათ სიხარულს“, – განაცხადა კახა კალაძემ.
შეგახსენებთ, რომ წლობით დაუკანონებელი საცხოვრებელი ფართების საკუთრებაში გადაცემა 2017 წლიდან კახა კალაძის ინიციატივით დაიწყო. ღონისძიებას, თბილისის მერთან ერთად, დედაქალაქის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე, ქონების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი ირაკლი თავართქილაძე, შესაბამისი რაიონების გამგებლები, საქართველოს პარლამენტისა და თბილისის საკრებულოს დეპუტატები ესწრებოდნენ.