როგორ აღდგა მგზავრთანაკადი ქვეყნის საერთაშორისო აეროპორტებში? -ნახეთ სტატისტიკა
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, მიმდინარე წლის პირველ ექვს თვეში ქვეყნის აეროპორტები ჯამში 2 485 263 მგზავრს მოემსახურნენ, რაც 45%-ით აღემატება 2022 წლის ანალოგიურ პერიოდში გადაყვანილი მგზავრების რაოდენობას.ამასთან, მიმდინარე წლის იანვარ-ივნისში აეროპორტებში დაფიქსირებული მგზავრთნაკადი, 2019 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს ფაქტობრივად გაუტოლდა.
ნახევარი წლის მონაცემებით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 1 566 251 მგზავრს მოემსახურა. ზრდა 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 35%-ს შეადგენს. ამასთან, მგზავრთნაკადის აღნიშნული მაჩვენებლით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 84%-ით დაუბრუნდა 2019 წლის პირველ ექვს თვეში დაფიქსირებული მგზავრების რაოდენობრივ მაჩვენებელს.
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მეშვეობით გადაყვანილ იქნა 667 305 მგზავრი. მგზავრთნაკადის ზრდა 2022 წლის ორი კვარტლის ჯამურ მაჩვენებელთან შედარებით 103%-ს შეადგენს. ამასთან, იანვარ-ივნისში მიღებულ მგზავრთა მაჩვენებელი 83%-ით აღემატება აეროპორტის მიერ, 2019 წლის პირველ ექვს თვეში მიღებული მგზავრების რაოდენობას.
ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი 236 444 მგზავრს მოემსახურა. ზრდა 2022 წლის იანვარ-ივნისთან შედარებით 9%-ია, ხოლო 2019 წლის პირველ ექვს თვესთან მიმართებაში აღდგენა შეადგენს 96%-ს.
2023 წლის ექვსი თვის მონაცემებით, საქართველოს აეროპორტებში ჯამში 8556 რეისი განხორციელდა. 2022 წლის ანალოგიურ პერიოდში განხორციელებული ფრენების რაოდენობასთან შედარებით, შესრულებული რეისების რაოდენობა 29%-ით გაიზარდა, ხოლო 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, აღდგენის მაჩვენებელი 90%-ს შეადგენს.
1 ივლისის მდგომარეობით, საქართველოში 48 ავიაკომპანია 88 მიმართულებით ოპერირებს.