საბურთალოს რაიონის გამგეობამ ფანასკერტელ-ციციშვილის ქუჩის N12-17 მიმდებარედ სკვერის რეაბილიტაცია დაიწყო
ფანასკერტელ-ციციშვილისა და აგლაძის ქუჩებზე დასასვენებელი სივრცეების რეაბილიტაცია მიმდინარეობს. დედაქალაქის მერიის ინფორმაციით სკვერის რეაბილიტაცია საბურთალოს რაიონის გამგეობამ დაიწყო.
„პროექტის ფარგლებში, აღნიშნული სივრცე მთლიანად მოწესრიგდება. მოეწყობა სატრენაჟორო და საბავშვო გასართობი ზონა, საფეხმავლო ბილიკები, ლედ განათების სისტემა და სარწყავი ქსელები. დარგვება ხე-მცენარეები. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია პარკებისა და სკვერების განახლება, ქალაქში რეკრეაციული სივრცეების არსებობა, უბნებში არსებული სკვერების მოწესრიგება. გამგეობები ძალიან ბევრ პროექტს ახორციელებენ ამ მიმართულებით, რაც მისასალმებელია“, – განაცხადა კახა კალაძემ.
ასევე დედაქალაქის მერის განმარტებით, რეკრეაციული სივრცის სრული რეაბილიტაცია დიდუბის რაიონის გამგეობამაც დაიწყო, სარეაბილიტაციო პროექტი კი აგლაძის ქუჩის N38-ში მიმდინარეობს.
„ტერიტორია, დაახლოებით, 5 000 კვ.მ ფართობს შეადგენს. პროექტის მიხედვით, სივრცეში სრულად განახლდება საპარკო ინვენტარი, მოეწყობა საბავშვო და სპორტული სივრცეები, განათებისა და სარწყავი სისტემები. ტერიტორიაზე ასევე განთავსდება ძაღლების სასეირნო სივრცე. პროექტის მიხედვით, გათვალისწინებულია შადრევნის მოწყობა და გამწვანების მასშტაბური ღონისძიებები. რა მიდგომა და დამოკიდებულებაც გვაქვს პარკებთან და სკვერებთან მიმართებით, ეს ყველგან იქნება გათვალისწინებული, რათა ადგილობრივ მოსახლეობას ჰქონდეს საშუალება, ნორმალურ გარემოში დაისვენოს, განიტვირთოს და ივარჯიშოს“, – განაცხადა კახა კალაძემ.