რა დაუჯდება დედაქალაქს საახალწლო დღესასწაული
დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, შობა-ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით, 2023 წლის 15 დეკემბრიდან 2024 წლის 7 იანვრის ჩათვლით, ორბელიანის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე, მშრალ ხიდზე და დედაენის ბაღში მერია "საახალწლო ქალაქი"-ს მოწყობას და მრავალფეროვანი ღონისძიებების გამართვას გეგმავს, რომელიც საქართველოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე ცენტრალური ნაძვის ხის ანთების ცერემონიით დაიწყება. ღონისძიებები სხვადასხვა კულტურულ და სანახაობრივ აქტივობებს გააერთიანებს.
საახალწლო დღესასწაულის გასამართად თბილისის მერიის ბიუჯეტიდან 6.5 მლნ ლარი დაიხარჯება.
ლოკაციებზე განთავსდება სხვადასხვა მოცულობითი ინსტალაცია, თემატური მორთულობები, ფოტოზონა, დეკორირებული ჯიხურები, თოვლის ბაბუას სახლი და სახელოსნო, პავილიონი “საახალწლო ქალაქი”, კულტურული, სპორტული, საბავშვო, მოსასვენებელი სივრცეები/პავილიონები, სხვადასხვა სცენის დეკორაცია/ბუტაფორია/რეკვიზიტი, საახალწლო ბარი, დეკორირებული ნაძვის ხეები, ხიდის, ქუჩებისა და ფასადების თემატური მორთულობები, საციგურაო ყინულის მოედანი, ყინულის მოედნის თემატური დეკორაცია.
გაიმართება სხვადასხვა ჟანრის კონცერტები, ელექტრონული ლაივ შოუები, მრავალფეროვანი საბავშვო-გასართობი აქტივობები, თეატრალური წარმოდგენები/პერფორმანსები, “სტუდენტური საახალწლო ფესტივალი”. დღესასწაულის ფარგლებში მოეწყობა ტკბილეულის ფესტივალი, სამეწარმეო და კვების სივრცეები, ასევე გასტრონომიული ზონები.
ასევე გაიმართება გამოფენა-გაყიდვა – “თბილისის საშობაო ბაზარი”, რომლის ფარგლებშიც განხორციელდება ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა და გასტრონომიული ინდუსტრიის ხელშეწყობა, ადგილობრივი მცირე და საშუალო ტიპის ფიზიკური და იურიდიული პირების საქმიანობის მხარდაჭერა და პოპულარიზაცია.
31 დეკემბერს ახალ წელს დეაქალაქი გალა კონცერტით შეხვდება.