წელს რუსთავში 100 ამორტიზებული ლიფტის ჩანაცვლება იგეგმება-პროექტისთვის 5 მლნ ლარი დაიხარჯება
კანონით ლიფტების ამხანაგობები ვალდებული არიან, რომ ლიფტებს ტექნიკური ინსპექტირება 3 წელიწადში ერთხელ ჩაუტარონ, თუმცა კანონის აღსრულება არ ხდება, რის გამოც ეს საკითხი წლებია გადაუჭრელია.
რუსთავის მერიაში ამბობენ, რომ ამ მიმართულებით ძველი ლიფტების ჩანაცვლების პროგრამაში ქალაქში გასულ წელს 3 მილიონი ლარი დაიხარჯა. რუსთავის მერის თქმით, რეაბილიტაციის პროცესში მოსახლეობის თანამონაწილეობა არ არის, ისე როგორც თბილისში.
აღნიშნულთან დაკავშირებით რუსთავის მერმა მედიასთან კომენტარი გააკეთა მისი განმარტებით, 5 მილიონი ლარის ხელშეკრულება უკვე გაფორმებულია.
“შარშან 3 მილიონი ლარის ახალი ლიფტები შევიძინეთ. მეგობრობის გამზირის რეაბილიტაციის დროს, რომელიც პრემიერის მხარდაჭერით ხორციელდება, 60-მილიონიანი პროექტია, აბსოლუტურად ყველა იმ კორპუსში, სადაც რეაბილიტაცია მოხდა, შეიფუთა შენობები ენერგოეფექტური მასალებით და ყველა კორპუსში არის ახალი, ევროპული უსაფრთხო ლიფტები დამონტაჟებული.
წელს 5 მილიონი ლარის ხელშეკრულება უკვე გაფორმებული გვაქვს და დაიწყება უახლოეს პერიოდში. უკვე გადაცემული გვაქვს იმ ლიფტების მისამართები, რომელიც ყველაზე მეტად არის უკიდურესად დამძიმებული, თავისი ინფრასტრუქტურული პრობლემებიდან გამომდინარე.
დაახლოებით 50 000 ლარი იყო თითო ლიფტის ღირებულება და მოსახლეობის თანამონაწილეობა იყო გამორიცხული. ჩვენ მივხვდით, რომ მოსახლეობა ვერ უზრუნველყოფდა ამ თანხის შეგროვებას. ამიტომ რუსთავის მერიამ ეს სრულად თავის თავზე აიღო.
ეს პროცესი აუცილებლად გაგრძელდება და დაპირებაა, რომ რუსთავში 1200-ვე ლიფტი იყოს თანამედროვე და რაც ყველაზე მთავარია უსაფრთხოება არის ის, რისთვისაც ეს პროგრამა დავიწყეთ.”-აცხადებს რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე.