რუსთავის მერია რუსთავი-თბილისის მიმართულებით ახალი სატრანსპორტო საშუალებების შეძენას გეგმავს
შემოდგომიდან რუსთავი-თბილისის მარშრუტზე ახალი ავტობუსები იმოძრავებს. რუსთავის მერის, ნინო ლაცაბძის განმარტებით, ახალი ავტობუსების შეძენა რუსთავის ბიუჯეტის 20 მლნ ლარით გაზრდამ გახადა შესაძლებელი.
“რუსთავის ბიუჯეტი 20 მლნ ლარით იზრდება, ეს გვაძლევს შესაძლებლობას, რომ გადავჭრათ ქალაქისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხი, რომელიც ეხება რუსთავი-თბილისის მიმართულებით სატრანსპორტო საშუალებების შეძენას. ვაცხადებთ ტენდერს, რომლის შემდეგაც გვექნება შესაძლებლობა, რომ ათასობით რუსთაველს გაუმჯობესებული სატრანსპორტო სერვისი შევთავაზოთ. ჩვენ თვეების განმავლობაში ვმუშაობდით თბილისის მერიასთან, რისთვის მინდა, მათ მადლობა ვუთხრა. უკვე შემოდგომიდან იმოძრავებს თანამედროვე სტანდარტის მქონე, შშმ პირებზე სრულად ადაპტირებული მუნიციპალური ტრანსპორტი“, – განაცხადა ნინო ლაცაბიძემ.
მერის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საუბარია დაახლოებით 60 ერთეულ ახალ ავტობუსზე. რაც შეეხება მარშრუტებს, ჯერ დაზუსტებული არ არის და როგორც რუსთავის მერი აცხადებს, ამ საკითხზე აქტიური მუშაობა მიმდინარეობს თბილისის მერიასა და საკრებულოსთან.