დღეს საახალწლო განათებების მონტაჟის გამო რუსთაველის გამზირზე მოძრაობა შეიზღუდება
რუსთაველის გამზირზე, პირველი რესპუბლიკის მოედნიდან თავისუფლების მოედნამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში დღეს, 00:00-დან 06:00 საათამდე ავტომობილების გადაადგილება შეიზღუდება.
დედაქალაქის მერიის ინფორმაციით: სატრანსპორტო საშუალებებისთვის გადაადგილება შესაძლებელი იქნება ლეონიძის, ინგოროყვას, ალექსანდრე ჭავჭავაძის, გრიბოედოვის, ბარათაშვილისა და თაბუკაშვილის ქუჩების მეშვეობით; მელიქიშვილის გამზირიდან მთაწმინდის დანარჩენი ქუჩების მიმართულებით მოძრაობა დასაშვები იქნება ჯანაშიას, თარხნიშვილის, ტატიშვილის, ჭოველიძის, ზანდუკელის ქუჩების გავლით და შემდეგ ბარნოვის, გოგებაშვილისა და კაკაბაძეების ქუჩების გამოყენებით.
მეტროსადგურ „რუსთაველის“ მიმდებარე ტერიტორიიდან თავისუფლების მოედნისკენ მიმავალი ავტომობილები რუსთაველის გამზირზე, ზეთისხილის ხესთან მობრუნების შემდეგ, მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩისა და მტკვრის მარჯვენა სანაპიროს საშუალებით იმოძრავებენ.
შეგახსენებთ, რომ დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხე 15 დეკემბერს განათდება.