იგეგმება თუ არა რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია

კახა კალაძის განცხადებით, თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურმა აღმაშენებლის ხეივანში, ჰიპერმარკეტ „გუდვილის“ მიმდებარედ არსებული ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოებიც დაიწყო.

„მინდა, დედაქალაქის მცხოვრებლებმა იცოდნენ, რომ ყველა პროექტი კეთდება ფუნდამენტურად და გვინდა, რომ ათეულ წლებს გაუძლოს. ცხადია, ამ მასშტაბის სამუშაოებს ახლავს დისკომფორტიც, მაგრამ სხვანაირად წარმოუდგენელია. სამწუხაროდ, ბევრი ქუჩა და გამზირი გვაქვს პრობლემური, მათ შორის, რუსთაველის გამზირი. მიწისქვეშა კომუნიკაციები მოუწესრიგებელია. ბევრჯერ იყო შემთხვევა, რომ ამის გამო კონკრეტულ ადგილებში მიწა ჩავარდა. რა თქმა უნდა, რუსთაველის გამზირსაც სრულ რეაბილიტაციას ჩავუტარებთ. ჩვენ ასევე, მონიტორინგს ვუწევთ ქალაქში არსებულ ხიდებს. ეს ხიდი იყო მძიმე მდგომარეობაში, საჭიროებდა ჩარევას. შესაბამისად, დავიწყეთ კონკრეტული პროექტი. ორი კვირის განმავლობაში, სავალი გზის ერთ ნაწილზე მოძრაობა დროებით იქნება შეზღუდული. შემდეგ მეორე მხარეს გადავალთ. ვეცდებით, რომ ხიდი უახლოეს მომავალში მოწესრიგდეს და მისი გამოყენება საფრთხეს არ წარმოადგენდეს“, – აღნიშნა კახა კალაძემ.