ძველი და ახალი თაობის თვალით დანახული რუსთაველის გამზირი
ქვეყნის დედაქალაქში, ცენტრალურ გამზირზე - რუსთაველზე გასეირნება, ეს თბილისელების უცვლელი ტრადიცია იყო
ქვეყნის დედაქალაქში, ცენტრალურ გამზირზე, რუსთაველზე გასეირნება, ეს თბილისელების უცვლელი ტრადიცია იყო. დედაქალაქის სხვადასხვა უბნის მაცხოვრებლები, ყოველ საღამოს ერთმანეთს რუსთაველზე ხვდებოდნენ. ადგილი, საიდანაც მთავარი ქალაქის განსაკუთრებულობა იგრძნობა და თბილისური, ძველი იერი განსაკუთრებულად აღქმადია.
რუსთაველის გამზირს ამაყად დასცქერის მთაწმინდა და მთებში მოქცეული ქალაქი, ცენტრალური გამზირით ყოველთვის ამაყობდა. სტუმრები ხშირად აღნიშნავდნენ, რომ ამ ადგილს რაღაც მაგიური ჰქონდა, რაც ძველი ქალაქის ავთენტურობას ყველაზე კარგად გამოხატავდა.
ყველაფერი თავდაყირა დადგა და ერთ დღეს რუსთაველის მაცხოვრებლებმა აღმოაჩინეს, რომ ირგვლივ მათ უბანს და საყვარელ ადგილებს ნელ-ნელა ეცვლებოდათ იერსახე და ღირებულება. ამ ყველაფერს მხოლოდ რუსთაველის გამზირის მაცხოვრებლები ამჩნევდნენ, მძაფრად. ამიტომ ახლა ადგილობრივებისათვის საყვარელი უბნის ძველი ამბების გახსენება, განსაკუთრებულად ემოციურია.
„მახსოვს ერთ-ერთ ახალ წელს ჩვენმა მეზობელმა პიანინო პირდაპირ ეზოში გამოიტანა და ნამდვილი დღესასწაული მოაწყო, სადაც არამარტო მეზობლები არამედ მთელი უბანი ახალ წელს ერთად შევხვდით. ეს ისტორია იმ საოცარი ურთიერთობიდანაა, რომელიც ასე გამოარჩევდა ძველ თბილისს“ – ასე იხსენებს 66 წლის მარი, თბილისის მთავარ გამზირზე ცხოვრების პერიოდს. 90-იანებიდან მოყოლებული ის რუსთაველის გამზირის მაცხოვრებელი იყო. ეს მისთვის ახალგაზრდობის საუკეთესო წლებთან ასოცირდება.
„იტალიურ ეზოში ვცხოვრობდით. იქ გავზარდე ბავშვები. მეზობლებს ერთმანეთში ძალიან გახსნილი და საოცარი ურთიერთობა გვქონდა. ბავშვები პირველ სკოლაში ისე დამყავდა, რომ სახლის კარს არც ვკეტავდი. ეს იყო 90-იანები, უშუქობა, გაჭირვება… ჩვენში ეს ურთიერთობა, რომ არ ყოფილიყო არ ვიცი როგორ გადავიტანდი იმ პერიოდს. ყველაფერი საერთო გვქონდა. მახსოვს დენის გენერატორი, რომ შევიძინეთ არც კი ჩაგვირთავს. ვერც კი წარმომედგინა, მე როგორ უნდა მქონოდა დენის წყარო და სხვები ისე ყოფილიყვნენ. საჭმელს ერთად ვაკეთებდით, დღესასწაულებს ერთად აღვნიშნავდით. ამ ერთიანობით ჩვენი ეზო ცნობილი იყო. ახლა რა თქმა უნდა შეიცვალა სიტუაცია. სულ სხვა ადამიანები ცხოვრობენ. ბევრს არც ვიცნობ. ხალხი უფრო ჩაიკეტა სახლებში.
1998 წელს პარლამენტის მიმდებარედ, კორპუსში გადმოვედით. იტალიური ეზოს შემდეგ და ამ გაშლილი და საოცარი ურთიერთობის შემდეგ, აქ უკვე მოვხვდი ჩაკეტილ სივრცეში. სამეზობლო ურთიერთობაც წლების შემდეგ გაჩნდა. უკვე 25 წელია, რაც აქ ვცხოვრობთ. შეძლებისდაგვარად ვიცნობ ყველას, მაგრამ ისეთი ურთიერთობა, რომ ან ყავაზე ავიდე ან ვინმე ჩემთან შემოვიდეს, მაქვს მხოლოდ ერთადერთ მეზობელთან, 36 ოჯახიან კორპუსში. ძველი მაცხოვრებლებიც აღარ არიან. ეს კორპუსი 90-იანებში დაიწვა. ზოგმა მაშინვე გაყიდა ბინები. ზოგ ოჯახს კი გაქირავებული აქვს.
ყველა აქციამ ჩვენზე გადაიარა. ჩვენ ვიყავით მთავარ ეპიცენტრში. გარდა იმისა, რომ სულ ხმაურია ძალიან დიდი საშიშროების წინაშე ვართ. აქციების დროს ისეთი გავეშებულები დარბოდნენ, რომ თუ კარგად არ ჩაიკეტებოდი შეიძლებოდა ვინმეს რამე დაეშავებინა.
რუსთაველის გამზირზე ყველაფერი მიყვარს. ახალგაზრდობის საუკეთესო წლები ჩემთვის ამ ადგილთან ასოცირდება. მიყვარს გასეირნება ან გვიან ღამით ან განთიადისას, რადგან დღის სხვა მონაკვეთში ხალხის სიმრავლის გამო ფაქტობრივად ვერ გაივლით. ჩვეულებრივი რუსთაველი, როგორიც მე მახსოვს და როგორიც იყო ჩემს ახალგაზრდობაში, ეს ის რუსთაველი აღარ არის, რასაკვირველია.“ – აღნიშნავს რუსთაველის მაცხოვრებელი.
რუსთაველმა ბევრი თაობა გაზარდა, მაგრამ ემოცია იგივე რჩება. ასეთივე ემოციურია 34 წლის მიშოსთვის გამზირზე გატარებული წლების გახსენება. – „ღრმა ბავშვობაში ყველაზე მეტად მომწონდა სამი რაღაც: ინტენსიურად დავდიოდი რუსთაველის კინო-თეატრში; მახსოვს ასევე, „უნივერმაღის პერიოდი“, თბილისი გალერის ადგილზე, რაც იყო; მის გვერდით კი სადაც ახლა მეტროს კიბეებია, „ბაობაბის“ სათამაშოები იყო. ბავშვები სკოლიდან ვიპარებოდით იმ იმედით, რომ აქ მოვხვედრილიყავით. ასევე განსაკუთრებულ მოგონებებთან ასოცირდება ჩემთვის ლაღიძის წყლები, მაშინ სულ სხვანაირად იყო მოწყობილი, არ ჰქონდა კიბით ჩასასვლელი, პირდაპირ რუსთაველის გამზირზე იყო, დიდი შუშებიანი შენობა.
იმ პერიოდში ინტენსიურად მახსოვს, როგორ იქურდებოდა ჩვენი ეზოს მანქანები. რამდენიმე მანქანა კი ეზოდან მთლიანად წაიყვანეს. მთელი ბავშვობა რამდენჯერაც ჩვენი ავტომობილის განგაშის სიგნალი ჩაირთვებოდა, იმდენჯერვე გავრბოდი და ვამოწმებდი. მაშინ, სულ გადავსებული იყო ეს ტერიტორია, არ იყო ბორდიურები, იყო მთლიანი გზა და სკეიტბორდებით, როლიკებით გამოვდიოდით და მთელი უბანი გარეთ იყო, სახლში არავინ ჩერდებოდა.
რუსთაველის გამზირზე პარლამენტის წინ მთლიანად ღია სივრცე იყო. ასევე მახსოვს „მარკო პოლოსთან“ განსხვავებული სტილის ხე იდგა. იქვე ფუნქციონირებდა ფოსტა, რაც შემდეგ ლესია უკრაინკას ქუჩაზე გადმოიტანეს. კარგად მახსოვს სასტუმრო ივერია, რომელიც რედისონად გადააკეთეს. რუსთაველზე ასევე არ იყო დღეს არსებული მაღაზიები, სავაჭრო ცენტრები. თუმცა იყო „ნიკალა“ და მსგავსი სტილის კვების ობიექტები.
დღეს ამ ტერიტორიაზე, ჩემთვის დადებითი არის ის, რომ რაც მომინდება, იქნება ეს სადმე დაჯდომა, ყიდვა, ფილმზე წასვლა, თეატრი – ყველაფერი ხელმისაწვდომია. ამ მხრივ სრულ კომფორტში ვართ. ალბათ ხალხსაც მოწონთ აქ ცხოვრება და დღითიდღე სულ უფრო მეტი ოჯახი სახლდება. არც კოლოსალური თანხმების გადახდას იშურებენ. პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ახალ კორპუსში, მხოლოდ 2 წლის წინ, ერთი კვადრატული მეტრის ღირებულება 2 500 ევროს შეადგენდა. რაც შეეხება ქირას, 1000-15000 დოლარი იყო“, – აღნიშნავს თბილისის მთავარ გამზირზე მცხოვრები.
მიშოსთვის დასამახსოვრებელი იყო ასევე ის პერიოდი, როდესაც ადგილობრივი მოსახლეობა ტერიტორიაზე მასშტაბურ განაშენიანებას აპროტესტებდა. მისი თქმით, მოსახლეობა მიმდინარე ცვლილებებს მარტივად არ ეგუებოდა.
„მახსოვს მთაწმინდის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები ადამიანების უკმაყოფილება. ახალი კორპუსების აშენებითა და მასშტაბური განაშენიანების ფონზე, მათ მთლიანად წაერთვათ ხედი, რომელიც პირდაპირ რუსთაველის გამზირზე გადიოდა. პრობლემა იყო ასევე გზების დახაზულობა, რადგან ცენტრალური გამზირიდან ქუჩებზე ავტომობილებით შეხვევის დროს უფრო ვწვალობდით, სანამ ავტობუსებს გავატარებდით უკან მომავალი ავტომობილები საცობებს ჰქმნიდნენ. ასევე, არის პარკირების პრობლემა“. – ამბობს მიშო.
წლების განმავლობაში, სხვადასხვა ხელისუფლების პერიოდში რუსთაველის გამზირი ყოველთვის იყო სახალხო პროტესტის გამოთქმის სამიზნე ადგილი. ადგილი, სადაც უამრავი ადამიანი იყრიდა თავს. ეს ადამიანები ბუნებით რა თქმა უნდა ერთმანეთისგან განსხვავდებოდნენ. მათ შორის იყვნენ პატრიოტები, წესრიგის მოყვარულები, თუმცა ბევრი შემთხვევა გვახსოვს, როდესაც მათ რიგებს პროვოკატორებიც გამოერეოდნენ. ყოველი აქციის დროს, რუსთაველის გამზირის მაცხოვრებლები, მუდმივ განცდებსა და შიშში ცხოვრობნენ.
„მთელი ეს პერიოდი ადგილობრივები მუდმივ ეპიცენტრში ვიყავით. 2007 წლიდან, რაც ძალიან კარგად მახსოვს, აქციებზე გაშვებული ცრემლსადენი გაზი ჩვენს სახლებში შემოვიდა. ასაკოვნებს სასწრაფო დახმარებაც კი დასჭირდათ. პირდაპირ ჩვენს ეზოებში ერთმანეთში აგრესიას, დაჭერებს პირადად შევსწრებივარ. მთელი ცხოვრება, რაც გამოვიარე მახსოვს ლოზუნგები – „გადადექი, გადადექი, გადადექი“. მუდმივ სტრესში გვიწევდა ცხოვრება. თან ძლიან ხმაურიანი ადგილია. ჩვენი აივნები დაბლაა და კურიერები, რომ დარბიან ეს ხმაური სახლში ისმის. ამ საკითხზე ცალკე კონფლიქტები მომხდარა. კიდევ ერთი პრობლემა, რაც ამ ადგილს აქვს არის მწვანე ზონის არ არსებობა. როგორც თემქაზე და სხვა უბნებშია სკვერის ფუფუნება, ჩვენ ეგ არ გვქონია, რომ სადმე გავსულიყავით დასასვენებლად, სასეირნოდ. სულ კორპუსებში გვიწევდა ყოფნა“, – ასე იხსენებს 34 წლის მიშო გამზირზე გატარებულ ცხოვრების წლებს.
რუსთაველის გამზირი თბილისის მთავარი ქუჩაა. გამზირი თავისუფლების მოედნიდან იწყება და მეტრო რუსთაველთან, კოსტავას ქუჩას უერთდება. ქუჩას ეს სახელი შუასაუკუნეების უდიდესი ქართველი პოეტის – შოთა რუსთაველის პატივსაცემად დაერქვა. რუსთაველის გამზირი თბილისის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ქუჩაა, აქ ყოველთვის ხალხმრავლობაა და ქალაქის აქტიური რიტმი იგრძნობა. გამზირზე განლაგებულია კულტურული და საზოგადოებრივი დაწესებულებები, კულტურული ძეგლები, სასტუმროები, რესტორნები, ბარები და მაღაზიები. რუსთაველზე მდებარეობს ქაშუეთის ეკლესია, საქართველოს ეროვნული მუზეუმი, ქართული სახვითი ხელოვნების გალერეა, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი, რუსთაველის თეატრი, თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი, საქართველოს პარლამენტი, უზენაესი სასამართლო და მეფისნაცვლის სასახლე, სადაც ამჟამად მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეა. რუსთაველის მეტროსთან ახლოს, ღია ცის ქვეშ, გამოტანილია ფერწერული ნამუშევრები, სამკაულები და სხვადასხვა ტიპის სუვენირები. რუსთაველის გამზირის დასაწყისში, თავისუფლების მოედანზე მდებარეობს დიდი სავაჭრო ცენტრი – გალერია თბილისი. ამ ქუჩას ხშირად სტუმრობენ, როგორც ქართული კულტურით, ფერწერით, თეატრით ან კინოთი დაინტერესებული ადამიანები, ასევე გურმანები და “შოპინგის” მოყვარულები.