„Rooms Batumi”-ს გახსნა აგვისტოს ბოლოს იგეგმება
ამის შესახებ Rooms Hotel-ის აღმსარულებელი დირექტორი ვალერი ჩეხერიამ, ერთ-ერთ მედიასთან საუბრისას განაცხადა.
„აჭარა ჯგუფს“ ბათუმში $20 მილიონის ღირებულების სასტუმროს გახსნას 2020 წელს აპირებდა, თუმცა კოვიდპანდემიამ თარიღი 2022 წლამდე გადასწია, ამავე წლის სექტემბერში კი ცნობილი გახდა, რომ Rooms Batumi 2023 წელს გაიხსნებოდა. სასტუმრო აჭარაში 250-ზე მეტ სამუშაო ადგილს ქმნის. როგორც კომპანიის წარმომადგენლები აღნიშნავენ, Rooms-ი აქ ბათუმის ისტორიულ ნაწილში, პორტთან მდებარეობს და 123 ოთახისგან შედგება. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ “აჭარა ჯგუფის ჰოლდინგის” ქვეშ შექმნილი “რუმს ჰოტელის” მართვას ვალერი ჩეხერია მიმდინარე წლის მაისში შეუდგა. ეს კომპანია კი კონკრეტულად სასტუმროების ქართული ბრენდის “რუმსის” მართვაზე იქნება პასუხისმგებელი. ბათუმში დაგეგმილი სასტუმროს გახსნის ზუსტ დროზე კომპანიაში დღემდე არ საუბრობდნენ.
„ზღვისპირეთში ძალიან ლამაზი სასტუმრო მზადდება, გამორჩეულად ლამაზი და განსაკუთრებულად კარგი Rooms-ი, რომელიც გამორჩეულია ბათუმში თავისი უნიკალური ლოკაციით“, – ამბობს ის.
ვალერი ჩეხერიამ კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის კაშხლის აფეთქებიდან გამომდინარე შავი ზღვის წყლის ხარისხზე შესაძლო გავლენის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს ფაქტორი ტურისტული სეზონს პრობლემებს შეუქმნის.
„ამიტომაა საჭირო, რომ ძალიან აქტიური კამპანია დავიწყოთ იმ ქვეყნებში, საიდანაც დამსვენებლები ჩვენთან ყველაზე ხშირად ჩამოდიან, რომ თუ ზღვა შემოწმებულია და გვეუბნებიან, რომ ცურვა უსაფრთხოა, ეს აქტიურად გავარცელოთ მეზობელ ქვეყნებშიც. დარწმუნებული ვარ, რომ ბათუმში წელს მაინც კარგი სეზონი იქნება და ტურისტი აქ დასვენებით კმაყოფილი დარჩება“, – ამბობს ვალერი ჩეხერია.