რიკოთი კვლავ პარალიზებულია – როდის გაიხსნება და რა ვითარებაა ცენტრალურ ავტომაგისტრალზე
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 149-ე კმ-თან (რიკოთის უღელტეხილი) განვითარებული მეწყრული პროცესის შესწავლა გრძელდება.
„ჩუმათელეთი-ხევის მონაკვეთზე, სადაც მდებარეობს მეწყრული უბანი, მაგისტრალური გზის სამშენებლო სამუშაოებს ზედამხედველობას საერთაშორისო კომპანია უწევს და მისი მოწვევით, მეწყრული უბნის შესწავლაში ჩართულები არიან მაღალი კვალიფიკაციის მქონე ქართველი და უცხოელი სპეციალისტები. რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთზე, ავტოსატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 149-ე კმ-თან განვითარებული მეწყრული პროცესების გამო, 30 მარტიდან აიკრძალა“ – ნათქვამია განცხადებაში.
რიკოთის ავტომაგისტრალზე მანქანებს აღარ ატარებენ და მათ ჭიათურა-საჩხერის შემოვლითი გზით ამისამართებენ, რაც გზებზე დიდ საცობებს ჰქმნის. თუ როდის გაიხსნება რიკოთის ავტომაგისტრალი არავინ იცის რადგან, როგორც ცნობილია, არსებობს საშიშროება, რომ მეწყერი შესაძლოა ისევ ჩამოწვეს.