რატომ დახურეს ბათუმში ცნობილი რესტორანი “რეტრო” და რატომ დააკავეს მისი მფლობელი?

ძალადობის ამსახველი ვიდეო, რომელმაც სოციალური ქსელი მოიცვა, რესტორნის მენეჯერმა გაავრცელა.

ბათუმში ერთ-ერთი ცნობილი რესტორნის, “რეტროს”, მფლობელი მიმტანზე ძალადობის ბრალდებით დააკავეს. თეიმურაზ ვარშანიძე 4 ივნისის ღამეს აიყვანა პოლიციამ.

დაკავებას წინ უსწრებდა სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეოკადრები, რომლებშიც ასახული იყო რესტორნის მფლობელსა და თანამშრომლებს შორის კომუნიკაცია. კადრები ერთ-ერთმა თანამშრომელმა გადაიღო. მათი ინფორმაციით, თეიმურაზ ვარშანიძემ სამსახურიდან 25 ადამიანი გაათავისუფლა. ვიდეო დაახლოებით 3-წუთიანია, იგი სრულდება უკმაყოფილო თანამშრომელზე ძალადობით.

“გთხოვთ რითიც შეძლებთ დაგვეხმაროთ და გავაგებინოთ ადამიანებს რა ხდება ყველაზე პოპულარულ “რეტროში”. სცემა გუშინ ადამიანი რესტორნის მფლობელმა. სცემა მიმტანი”, – წერდა ერთ-ერთი მოქალაქე, რომელიც თავს რესტორნის მენეჯერად წარადგენდა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით, რაც ძალადობისთვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას ითვალისწინებს.