რესპუბლიკური საავადმყოფოს საბოლოო განაჩენი
ამ ქალაქში სხვადასხვა ისტორიული თუ საზოგადოებრივი მნიშვნელობის შენობების დემონტაჟის წინააღმდეგ მოსახლეობის პროტესტი არაერთხელ გვინახავს.
ამ ქალაქში სხვადასხვა ისტორიული თუ საზოგადოებრივი მნიშვნელობის შენობების დემონტაჟის წინააღმდეგ მოსახლეობის პროტესტი არაერთხელ გვინახავს. გვინახავს ისიც, როგორ იდგა თითოეული მათგანი ისტორიის სადარჯოზე. თბილისმა კიდევ ერთხელ მსგავსი პრობლემის გარშემო მედ-პერსონალი გააერთიანა.
ჯერ კიდევ 2023 წლის მარტში „რესპუბლიკური საავადმყოფოს“ დასაცავად გამოსული თანამშრომლები აქციებს მართავდნენ. მათი მიზანი იყო 51 წლიანი გამოცდილების კლინიკა ნგრევას და ადგილმდებარეობის შეცვლას გადაერჩინათ. 2023 წლის 21 მარტს თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებმა სამთავრობო გუნდს სახელმწიფო სამედიცინო ცენტრის ადგილმდებარეობის შეცვლისა და ტერიტორიის ნგრევის გასაპროტესტებლად ღია წერილით მიმართეს. რესპუბლიკური საავადმყოფოს მედიკოსები მთავრობის გადაწყვეტილებას აპროტესტებდნენ. მათ მხარდაჭერა სხვადასხვა კლინიკის მედიკოსებმაც გამოუცხადეს, რაზეც ირაკლი ღარიბაშვილმა უპასუხა, რომ საუბარი არის იმავე და არა სხვა ადგილას ახალი საავადმყოფოს მშენებლობაზე.
რაც შეეხება თავად რესპუბლიკურ საავადმყოფოს – „აკად. ნ. ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკა“-მ ფუნქციონირება ჯერ კიდევ 1973 წელს დაიწყო. შენობის არქიტექტორები კ. ალექსანდროვი, შ. კაჭკაჭიშვილი, გ. კვიტატიანია, ა. უსკოვი იყვნენ. 1200 ადგილიანი კლინიკის ბაზაზე აღიზარდა ბევრი პროფესიონალი ექიმი, რომელთა მიმართ ნდობის ხარისხი დღესაც მაღალია საზოგადოებაში. კლინიკა მუშაობდა სტაციონარულ რეჟიმში, რაც ხელმისაწვდომს ხდიდა პაციენტებისათვის 24-საათიან სამედიცინო მომსახურებას. რესპუბლიკური საავადმყოფო – პირველი იყო მრავალპროფილურ კლინიკებს შორის, სადაც 2008 წელს გაიხსნა ახალი ტიპის მიმღები განყოფილება – ,,ემერჯენსი”, რომელიც აღიჭურვა მაღალტექნოლოგიური აპარატურითა და დაკომპლექტდა მაღალკვალიფიციური სპეციალისტებით.
ჯერ კიდევ 1965 წლის 5 იანვარს გაზეთი „კომუნისტი“ აქვეყნებს სტატიას „საავადმყოფო გიგანტი“-ს შესახებ. Kalaki.ge მოკლე ამონარიდს გთავაზობთ.
„საბურთალოზე სამედიცინო უნივერსიტეტის ტერიტორიაზე აშენდება ჩვენს ქვეყანაში ერთ-ერთი უდიდესი სამკურნალო დაწესებულება 1 100 საწოლით. საავადმყოფოს შენობა სწორხაზოვანია. იგი 12-სართულიანი იქნება. მისი მშენებლობისათვის გამოყენებული იქნება ასაწყობი რკინა-ბეტონის კონსტრუქციები“.
რესპუბლიკური საავადმყოფო გახსნის დღიდან იყო „საუნივერსიტეტო კლინიკა“. ის წარმოადგენდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ბაზას, სადაც ყველა პირობა იყო შექმნილი ხარისხიანი სამედიცინო განათლების მისაღებად. საავადმყოფოს ბაზაზე აღიზარდა საქართველოს არაერთი დამსახურებული ექიმი.
რესპუბლიკური საავადმყოფო მუდამ საქართველოს მოსახლეობის ჯანმრთელობის სადარაჯოზე იდგა, მათ შორის ქვეყნისთვის ყველაზე მძიმე წუთებში. 9 აპრილის ტრაგიკული მოვლენების დროს, ასევე 2008 წლის ომში დაშავებულთა გადარჩენისთვის დაუღალავად იბრძოდა რესპუბლკური საავადმყოფოს სამედიცინო პერსონალი.
ქვეყნის უახლეს გამოწვევასთან, გლობალურ პანდემიასთან გამკლავების პროცესშიც, საავადმყოფო ტრადიციულად იმყოფებოდა ბრძოლის წინა ხაზზე. რესპუბლიკური საავადმყოფო 2020 წლის 2 მარტიდან ჩაერთო კოვიდ ინფიცირებულთა მართვის პროცესში და ამ მოვალეობას დღემდე მაღალ დონეზე ასრულებდა. კლინიკამ უკვე გაუწია მომსახურება 2500-ზე მეტ კოვიდ-ინფიცირებულ პაციენტს. სახელმწიფო კლინიკის კიდევ უფრო გაძლიერების მიზნით განხორციელდა დაწესებულების რეაბილიტაცია და ტექნოლოგიური აღჭურვა.
2024 წლის 22 იანვარს მთავრობის სხდომაზე განსახილველ საკითხთა შორის ერთ-ერთი ,შპს „აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის“ ახალი პროექტი იყო.
„სამინისტრომ ძალიან ბევრი იმუშავა ამ საკითხზე − შეისწავლა საფუძვლიანად „რესპუბლიკური საავადმყოფოს” მდგომარეობა – როგორც ფინანსური, ასევე ინფრასტრუქტურული; შეისწავლა, თუ რამდენად პასუხობს კლინიკა უსაფრთხოების ნორმებსა და საერთაშორისო მოთხოვნებს. პროცესში ჩართულები იყვნენ როგორც ქართველი, ასევე საერთაშორისო ექსპერტები. ჩატარდა 5 სხვადასხვა ექსპერტული კვლევა, მომზადდა შესაბამისი დასკვნები, რომლებმაც კლინიკაში არსებული რთული ვითარება მკაფიოდ წარმოაჩინა. სპეციალისტების დასკვნით, იმისთვის, რომ კლინიკამ საერთაშორისო სტანდარტები დააკმაყოფილოს, შენობის რეკონსტრუქცია ძირითად შემთხვევაში შეუძლებელი და არარენტაბელურია. შესაბამისად, იგეგმება ძველი შენობის დემონტაჟი და “რესპუბლიკური საავადმყოფოს” ბაზაზე აშენდება მრავალპროფილური, მაღალტექნოლოგიური სამედიცინო დაწესებულება, ახალი “რესპუბლიკური საავადმყოფო”. ეს იქნება საერთაშორისო სტანდარტების ახალი “რესპუბლიკური საავადმყოფო”. პირადად მინისტრის კოორდინაციით, “რესპუბლიკური საავადმყოფოს” თანამშრომელთა ნაწილი სხვადასხვა სახელმწიფო კლინიკაში უკვე დასაქმდა, ნაწილი დასაქმდება და გვინდა ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ არცერთი თანამშრომელი არ დარჩება სამსახურის გარეშე და ყველა იქნება უზრუნველყოფილი დასაქმების ალტერნატიული შეთავაზებით თუ უპრეცედენტო ღირსეული კომპენსაციით“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ასევე ჯანდაცვის მინისტრის ზურაბ აზარაშვილის განცხადებით: – „ჩვენ მთავრობაზე ავიღეთ დღეს თანხმობა და დავიწყებთ არსებული ფასადის დემონტაჟის სამუშაოებს, ასევე ახალი კლინიკის მშენებლობასთან დაკავშირებული ტენდერის გამოცხადების ღონისძიებებს. ეს ტენდერი უნდა იყოს აუცილებლად საერთაშორისო, რადგანაც საერთაშორისო გამოცდილება მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის ასეთი ისტორიული და მნიშვნელოვანი კლინიკის მშენებლობის და შექმნის პროცესში“.
რესპუბლიკური საავადმყოფოს შენობის დემონტაჟი, სავარაუდოდ, სამ თვეში დაიწყება. კლინიკის თანამშრომლებთან ახლა მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ჯანდაცვის სამინისტრო დასაქმებულებს კომპენსაციის რამდენიმე ვარიანტს სთავაზობს. მათ შორისაა სხვა საავადმყოფოში დასაქმება, ან სხვადასხვა ვადით ფულადი კომპენსაციის გაცემა. სპეციალური პაკეტი, რომელიც დასაქმების შესაძლებლობას თუ ღირსეულ კომპენსაციას გულისხმობს, კლინიკის პერსონალს ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა 22 იანვარს გამართულ შეხვედრაზე გააცნეს.
შეთავაზებების პაკეტის მიხედვით:
ნებისმიერი თანამშრომელი, რომელიც მხოლოდ რესპუბლიკურ საავადმყოფოშია დასაქმებული, კომპენსაციის სახით, ერთჯერადად, 12 თვის ხელფასით იქნება უზრუნველყოფილი; თუ კლინიკის თანამშრომელი სხვა დაწესებულებაშიც მუშაობს, კომპენსაციის სახით, ოთხი თვის ხელფასს მიიღებს; სამედიცინო პერსონალს, რომელიც 12-თვიან კომპენსაციაზე უარს განაცხადებს, ჯანდაცვის სამინისტრო სხვა სამედიცინო კლინიკაში იმავე პოზიციაზე დასაქმებასა და ოთხი თვის ხელფასის ოდენობით კომპენსაციას შესთავაზებს; სამედიცინო პერსონალს, რომელიც არ მუშაობს სხვა დაწესებულებაში და სამინისტრო ალტერნატიულ სამსახურს ვერ შესთავაზებს, უწყება სამი წლის განმავლობაში, დასაქმებამდე ყოველთვიურ სახელფასო ანაზღაურებას გადაუხდის.
ამ ინფორმაციიდან მალევე ცნობილი გახდა, რომ რესპუბლიკური საავადმყოფოს რეორგანიზაცია ერთი თვით გადაიდო – ჯანდაცვის სამინისტრო პროცესს 15 თებერვლის ნაცვლად, 15 მარტს დაასრულებს. საუბარია საკომპენსაციო პაკეტით გათვალისწინებული შეთავაზებების ვადაზე. კლინიკის პერსონალს საკუთარი პოზიციის დაფიქსირებისთვის დამატებითი დრო მიეცემა.
ამასთანავე, ჯანდაცვის სამინისტომ რესპუბლიკური საავადმყოფოს ფასადის დემონტაჟი დაიწყო. მოხსნილია ის ნაწილი, რომელიც უწყების ინფორმაციით, ყველაზე სახიფათოა და საიდანაც ძლიერი ქარის დროს ფანჯრის მინების ჩამოცვენის ფაქტიც დაფიქსირდა.
პარალელურად, კლინიკის პერსონალი პროტესტს განაგრძობს. დემონტაჟის პროცესის დაწყებამდე, 3 თებერვალს სამედიცინო დაწესებულების თანამშრომლები ისევ შეიკრიბნენ. რეორგანიზაციის ერთი თვით გადავადება მედიკოსებისთვის მისაღები არ არის, ისინი ბრძანების გაუქმებას ითხოვენ. მათ რამდენიმე დღის წინ სარჩელი სასამართლოშიც შეიტანეს, თუმცა განაცხადი დახარვეზდა, რის გამოც საავადმყოფოს თანამშრომლები სარჩელის ხელახლა მომზადებას გეგმავენ.
ასევე, წერილობით მიმართვა გაიგზავნა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში, სადაც საკითხით დაინტერესებას ითხოვენ. რაც შეეხება შეთავაზების პაკეტს, რომლის ასარჩევადაც დრო ხუთ მარტამდეა, პერსონალი საერთოდ არ განიხილავს. საქმე ეხება სამინისტოს მიერ შერჩეულ 13 კლინიკაზე, რომლებშიც, რესპუბლიკურის თანამშრომლებს, დასაქმების ალტერნატიულ შესაძლებლობას სთავაზობენ, ასევე საუბარია შესაბამის ფულად კომპენსაციაზე. რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლები უახლოეს დღეებში ფართომასშტაბიანი აქციის გამართვას აანონსებენ.
როგორც მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ახალი რესპუბლიკური საავადმყოფო მულტიფუნქციური, საერთაშორისო სტანდარტების სახელმწიფო კლინიკა 500-ზე მეტ საწოლზე იქნება გათვლილი. ამასთან, მოეწყობა ამბულატორია და 100-ზე მეტ საწოლზე გათვლილი დღის სტაციონარი. კლინიკაში განთავსდება ბავშვთა ონკო-ჰემატოლოგიური ცენტრი; გაიხსნება თანამედროვე სტანდარტების ცენტრალური სისხლის ბანკი; ტერიტორიაზე მოეწყობა GDP სტანდარტის აფთიაქი, სასწავლო სივრცეები, სამედიცინო ბიბლიოთეკა, ტელემედიცინის სივრცეები და სხვა. ასევე, რესპუბლიკური საავადმყოფო შეინარჩუნებს საუნივერსიტეტო კლინიკის სტატუსს, რაც კლინიკურ აქტივობებში მომავალი მედიკოსების სრულ ინტეგრაციასა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის უზრუნველყოფას გულისხმობს.