რა ბედი ელის რესპუბლიკური საავადმყოფოს შენობას და რა განცხადებას ავრცელებს ჯანდაცვის სამინისტრო
რესპუბლიკური საავადმყოფოს შენობა, დიდი ხანია განხილვის საგნად იქცა, არც თუ ისე დიდი ხნის წინ ვრცელდებოდა ინფორმაციები, რომ შენობის დანგრევა იგეგმებოდა. ამ ამბიდან მალევე სამედიცინო პერსონალის შემცირება მოხდა. ბევრი პროტესტის მიუხედავად შემცირებულ პერსონალს მომავლის იმედით მუშაობის გაგრძელება მოუწია. ჯანდაცვის სამინისტრომ კი დღეს გაავრცელა ინფორმაცია, რომ რესპუბლიკური შენობა ახალ საერთაშორისო სტანდარტებთან მორგებულ კლინკად გადაკეთდება, ამისთვის კი ძველი შენობის დემონტაჟი განხორციელდება.
უწყების ცნობით, საერთაშორისო სტანდარტების სამედიცინო დაწესებულება, 500-ზე მეტ საწოლზე იქნება გათვლილი, მოეწყობა ამბულატორია და 100-ზე მეტ საწოლზე გათვლილი დღის სტაციონარი.
“კლინიკაში განთავსდება ბავშვთა ონკოჰემატოლოგიური ცენტრი, გაიხსნება თანამედროვე სტანდარტების ცენტრალური სისხლის ბანკი, ტერიტორიაზე მოეწყობა GDP სტანდარტის აფთიაქი, სასწავლო სივრცეები, სამედიცინო ბიბლიოთეკა, ტელემედიცინის სივრცეები და სხვა. რესპუბლიკური საავადმყოფო შეინარჩუნებს საუნივერსიტეტო კლინიკის სტატუსს, რაც კონცეპტუალურად, გულისხმობს მომავალი მედიკოსების სრულ ინტეგრაციას კლინიკურ აქტივობებში და შესაბამისი ინფრასტრუქტურის უზრუნველყოფას. ცვლილებების შედეგად, რესპუბლიკური საავადმყოფო დააკმაყოფილებს იმ საერთაშორისო სტანდარტებს, რომელიც 2025 წლიდან, სავალდებულო იქნება ჯანდაცვის საყოველთაო პროგრამაში ჩართული ყველა კლინიკისთვის.
ახალი, მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრის მოსაწყობად, უახლოეს მომავალში, დაიწყება არსებული შენობის დემონტაჟი. აღნიშნული გადაწყვეტილება კლინიკის წინაშე არსებული მასშტაბური პრობლემებისა და გამოწვევების, ასევე, ხუთი სხვადასხვა ექსპერტული დასკვნის საფუძველზე იქნა მიღებული.”- ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. უცნობია როდის დაიწყება ძველი შენობის დემონრაჟი.