ხვალიდან დიღმის მასივში, ახლად რეაბილიტირებული ბიბლიოთეკა იწყებს ფუნქციონირებას
თბილისში, დიღმის მასივში ლადო ასათიანის სახელობის მე-6 ბიბლიოთეკა მკითხველების მიღებას ხვალიდან შეძლებს.
თბილისის მერიის ინფორმაციით შენობას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა.
„ეს ბიბლიოთეკა იყო ძალიან მძიმე მდგომარეობაში. დღეს ხედავთ, რეაბილიტაციის შედეგად თუ რამდენად სასიამოვნო გარემოა. მთლიანად მოწესრიგდა ინფრასტრუქტურა, განახლდა წიგნადი ფონდი, შეიქმნა სივრცე პატარებისთვის, რომელიც გამოყოფილია საერთო სივრცისგან. ყველა თაობის ადამიანისთვის არის შესაბამისი გარემო იმისთვის, რომ მოვიდეს და ისარგებლოს აღნიშნული სივრცით. ჩვენ, რა თქმა უნდა, ვაგრძელებთ ამ პროექტების განხორციელებას და მთელი ქალაქის მასშტაბით არსებული ბიბლიოთეკები რეაბილიტირდება. გარდა ამისა, ყველა მულტიფუნქციურ ცენტრში, რომელიც იხსნება, გათვალისწინებულია მედიათეკები. მინდა, მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც ამ პროექტში იყო ჩართული და ასეთი სივრცე შექმნა“, – განაცხადა თბილისის მერმა.
აღნიშნული ბიბლიოთეკა „თბილისის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანების“ ერთ-ერთი ყველაზე დიდი ფილიალია და 400 კვადრატულ მეტრზე მეტ ფართობს მოიცავს. განახლებული ბიბლიოთეკის პროექტის ავტორები არიან არქიტექტორები – ზაზა იაშვილი და სოფო მაჭავარიანი.