რადიო ქარხნიდან, რადიო ქალაქამდე – ახალი პროექტი მუხიანში
მიტოვებული „რადიო ქარხნის“ ახალი სიცოცხლე...
ესთეტიკის მოყვარულები დაგვეთანხმებიან, რომ კარგად ნაცნობ ქუჩებზე სეირნობის, ქალაქებსა თუ სოფლებში მოგზაურობის ერთ-ერთი მთავარი ხიბლი ძველი და ერთ დროს ცნობილი ადგილების აღმოჩენაა. ეს ადგილები თანამედროვეობაში გახსნილ დროის პორტალებს ჰგავს, რომლებსაც წარსულში გადავყავართ.
ადგილი, რომელიც საკუთარ დედაქალაქში, თავს სხვა დროსა და რეალობაში გაგრძნობინებთ. დასახლებას მოწყვეტილი, 12 ჰექტარზე გადაჭიმული, მიტოვებული შენობა – აქ ახლა დანგრეულია კედლები, იატაკი, ჭერი, განადგურებული და დაძველებულია მთლიანად ინფრასტრუქტურა. ქალაქ თბილისის ჩრდილოეთ ნაწილში, მუხიანის დასახლებასთან მდებარე ყოფილი „რადიო ქარხნის“ შენობის ისტორია ასე დაიწყო…
მუხიანი, უბანი თბილისში, რომლის ტერიტორიაც ჯერ კიდევ, 1970-იან წლებამდე მუხის ხეებით ყოფილა დაფარული. მუხის ტყე გაუჩეხავთ და დაუწყიათ ტერიტორიის განაშენიანება. მისი სახელწოდებაც სწორედ, აქედან მომდინარეობს. ახლანდელი ნ. დუმბაძის, ი. ნონეშვილისა და ალ. გობრონიძის გამზირებით გარშემორტყმულ ტერიტორიაზე თავდაპირველად განთავსებულა, საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების სატანკო ნაწილი. შემდეგ გაჩნდა ახლომდებარე დასახლებაც. 1980-იან წლებში კი სატანკო ნაწილის ტერიტორია დაუკავებია „რადიო ქარხანას“. ამ ადგილს ძველად „ტანკადრომსაც“ კი ეძახდნენ. დაგეგმარებისას უბნის განაშენიანება 4 ტიპის სახლებით მიმდინარეობდა. პალიტრა იყო ძალიან მცირე და 9-16 სართულიანი შენობებისაგან შედგებოდა. არქიტექტორი მერაბ ბოლქვაძე გვიყვება, რომ პროექტი აწ უკვე გარდაცვლილ, გენიალურ არქიტექტორს, მურმან გოგიშვილს ეკუთვნის.
„როგორც მახსენდება ეს „რადიო ქარხანა“ მაშინაც იყო პროექტში გათვალისწინებული. მშენებლობის პროცესში, მას სჭირდებოდა ძალიან დიდი რაოდენობით სპეციალისტები. უნდა ჩამოეყვანათ ფიზიკოსები იმიტომ, რომ საქართველოში ემუშავათ, რადგან ჩვენს ქვეყანაში ამდენი სპეციალისტი ფიზიკურად არ იყო. ამ ქარხანაში იწარმოებოდა რადიო ნაწილები. ძველი სტრუქტურა სწორედ ასე იყო აწყობილი, სხვადასხვა ნაწილი სხვადასხვა საწარმოში იწარმოებოდა და შემდეგ ერთ საწარმოში ხდებოდა აწყობა“. – აცხადებს არქიტექტორი.
ადგილობრივი მოსახლეობა კი წლების მანძილზე მიტოვებული შენობა-ნაგებობის განვითარებას მიესალმება, რადგან მათი აზრით, დედაქალაქი და განსაკუთრებით მუხიანი, სპორტული და გამაჯანსაღებელი სივრცეების ნაკლებობას განიცდის. მუხიანის მაცხოვრებლები აღნიშნავენ იმასაც, რომ წლების მანძილზე გამოუყენებელი შენობა ახალ სიცოცხლეს საჭიროებს და იმედს იტოვებენ, რომ ახალი კომპლექსი ადგილობრივების დასაქმების შესაძლებლობას კიდევ უფრო მეტად გაზრდის.
დიდ ხნიანი პაუზის შემდეგ მუხიანში, ყოფილი რადიო ქარხნის ტერიტორიის განვითარებისა და პოტენციური გამოყენების მიზნით, ინდუსტრიული ქალაქის განვითარება 2019 წელს დაანონსდა. სულ მალე, მიტოვებული რადიო ქარხანა მუხიანში, მულტიფუნქციურ ქალაქად გადაიქცევა.
„რადიო ქალაქი“ ტერიტორიის განვითარების პროექტი თბილისის მერიის მიერ გამოცხადებულ აუქციონზე „აჭარა ჯგუფის” შვილობილმა კომპანიამ „ინდუსტრიულმა ქალაქმა” 23 მლნ ლარად შეიძინა და აიღო ვალდებულება, 4 წლის განმავლობაში 8 მლნ დოლარის ინვეტიცია განახორციელოს.
რადიო ქალაქის ტერიტორიაზე კაფეები, ოფისები, საერთო სამუშაო და საზიარო სივრცეები განთავსდება. ადგილი უმასპინძლებს კულტურულ და კომერციულ ღონისძიებებს, როგორებიცაა საერთაშორისო ფესტივალები, გამოფენები, ბაზრობები, კონცერტები და ა.შ. როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ აღნიშნა, მუხიანში, ყოფილი რადიო ქარხნის ტერიტორიაზე უნდა განხორციელდეს პროექტი, რომელიც გლდანის, მუხიანისა და თემქისთვის ერთგვარი, ახალი მიზიდულობის ცენტრი გახდება.
„აღნიშნული პროექტი გატანილი გვქონდა აუქციონზე და გვყავს გამარჯვებული კომპანია – ინდუსტრიული ქალაქი, რომელმაც ტერიტორია 23 მილიონ ლარად იყიდა. უკვე გვაქვს კომპანია კოლიერსის მიერ შემუშავებული კონცეფცია, რომლის მიხედვითაც, ამ კონკრეტულ ადგილზე უნდა მოეწყოს კვების ობიექტები, სავაჭრო სივრცეები, ღამის კლუბი, მულტიფუნქციური საკონცერტო, საგამოფენო, ფიტნეს და სხვა ტიპის სპორტული სივრცეები, საცურაო აუზი, სარეკრეაციო სივრცე, კინოთეატრები, გასართობი ცენტრი, მედიათეკა, მინი საბავშვო ქალაქი, მეცნიერებათა მუზეუმი, კულინარიის, სამუშაო-საწარმოო სივრცე და ა.შ.”, – განმარტა თბილისის მერმა.
პროექტი იმ გეგმის მიხედვით უნდა განხორციელდეს, რომელიც თბილისის მერიის მიერ დაქირავებულმა ბრიტანულმა კომპანიამ „Colliers International” – მა შეადგინა. თავდაპირველად ჩატარდა ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა. მისი მიხედვით, „რადიო ქალაქი“ წელიწადში დაახლოებით, 2 მლნ სტუმარს მიიღებს, რაც დღეში 5 000 ადამიანს აღემატება. გაითვალა საზოგადოებრივი ტრანსპორტის ტერიტორიამდე მისვლის მარშრუტები.
პროექტი მასშტაბურია, ტენდერში გამარჯვებული კომპანია კი, რომელიც ამ პროექტზე მუშაობას იწყებს, გამოცდილი. „აჭარა ჯგუფი“ – ეს ის კომპანიაა, რომელიც მიტოვებული შენობებისა და ტერიტორიის თანამედროვე, პოპულარულ სივრცედ გარდაქმნის მიმართულებით მუშაობს.
არ დაანგრიო, არ წაშალო, მაგრამ შეუცვალე შინაარსი – ეს არის კონცეფცია, რომლითაც „აჭარა ჯგუფი“ ხელმძღვანელობს. კომპანიაში იმედოვნებენ, რომ გლდანი-მუხიანში მდებარე ყოფილი „რადიო ქარხნის“ განახლებული შენობები თბილისში, ახალ და განსხვავებულ მიზიდულობის ცენტრს შექმნის. ეს იქნება შესაძლებლობა ერთ სივრცეში, რამდენიმე მიმართულების განვითარებისა. ასევე, ყველას მიეცემა შესაძლებლობა საკუთარი ბიზნეს იდეა ან მცირე წარმოება ზუსტად, ამ სივრცეში განავითაროს. პროექტმა ხელი უნდა შეუწყობს ოჯახური და ახალგაზრდული გართობის, რეკრეაციის, განათლების მიღებისა და დასაქმების მრავალფეროვანი შესაძლებლობების შექმნას. ინკლუზიურობა, გაზიარებული ეკონომიკა, სოციალური, ეკომონიკური და ეკოლოგიური მდგრადობა „რადიო ქალაქის“ საერთო ეკოსისტემის მთავარი პრინციპი უნდა გახდეს. აქცენტი კი ხარისხზე, კომფორტზე და სერვისზე გაკეთდება. ამ პროექტის საშუალებით „აჭარა ჯგუფი“ საქართველოში, მცირე მეწარმეობის განვითარებასა და ინოვაციური ეკო-სისტემის შექმნას გეგმავს.
ამ ეტაპზე, „რადიო ქალაქში“ მიმდინარეობს ტერიტორიაზე არსებული ყველა შენობის რეკონსტრუქცია და გარე სივრცეების მოწესრიგება. პროექტის პირველი ფაზის განვითარების ფარგლებში, 2023 წლის ბოლოს, საერთო სამუშაო სივრცეები და მასთან დაკავშირებული შესაბამისი სერვისები საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი გახდება.
ევროპული ქვეყნებისა და შეერთებული შტატების მაგალითის მიხედვით, მსგავსი ინდუსტრიული ქალაქი, მნიშვნელოვან როლს თამაშობს ქვეყანაში, ეკონომიკის თანამედროვე მიმართულებების განვითარებაში.
117 000 ㎡- ტერიტორია, 48 000 ㎡ – შენობები, 455 000 – მაცხოვრებელი, 15 წუთის დისტანციაზე.