რა შემთხვევაში შეუძლია თბილისელებსა და დედაქალაქის სტუმრების სკუტერის ქირაობა
დღეიდან თბილისის მაცხოვრებლებს და ტურისტებს ქალაქში Bolt-ის სკუტერებით მგზავრობის შესაძლებლობა ექნებათ. როგორც კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, სკუტერის მაქსიმალური სიჩქარე 20 კმ სთ იქნება, ამასთან, იმოქმედებს სიჩქარის GPS შეზღუდვაც, რაც პარკებსა და კონკრეტულ უბნებში სკუტერს 12 კმ. სთ-ზე მაღალი სიჩქარის განვითარების შესაძლებლობას არ მისცემს.
Bolt-ის თანახმად, სკუტერის მომხმარებელი მინიმუმ 18 წლის უნდა იყოს. ამასთან, სარეკომენდაციო ინფორმაციაში კომპანია მიუთითებს, რომ მომხმარებლები მკვეთრ მოსახვევებს უნდა ერიდონ, ატარონ ჩაფხუტი, არ ეცვათ ქუსლიანი ფეხსაცმელი და სკუტერზე მარტომ იმგზავრონ.
Bolt-ის რეკომენდაციები სკუტერების მოხმარებისთვის:
“ატარეთ ჩაფხუტი და ჩაიცვით კომფორტული, ბრტყელძირიანი ფეხსაცმელი.
იმგზავრეთ მხოლოდ სპეციალურად გამოყოფილ ზონებში.
გადაადგილდით სწორ ხაზზე და მოერიდეთ მკვეთრ მოხვევას.
ნუ გამოიყენებთ სკუტერს ამინდის ექსტრემალურ პირობებში.
ნუ გამოიყენებთ სკუტერს ინტოქსიკაციის გამომწვევი საშუალებების ზემოქმედების ქვეშ.
იმგზავრეთ მარტო — სკუტერი განკუთვნილია მხოლოდ ერთი მგზავრისთვის.
გირჩევთ იმგზავროთ ველობილიკებზე ან ქუჩებში, ხოლო ტროტუარზე გადაადგილებისას აუცილებლად დაარეგულირეთ სიჩქარე ფეხით მოსიარულეთა სიჩქარის მიხედვით (5 კმ/სთ).
ნუ გააჩერებთ სკუტერს ისეთ ადგილას, სადაც ის დაბლოკავს ტრანზიტული სადგურების ან შენობების შესასვლელებს, ავტობუსის გაჩერებებს ან სხვა გზებს.” – ნათქვამია რეკომენდაციებში.