თბილისი, მთაწმინდა, პავლე ინგოროყვას შესახვევი, სახლი ნომერი 9 - საცხოვრებელი, რომლის ავარიულობის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში გავრცელდა. ფაქტის გადასამოწმებლად ადგილზე მივედით და სახლის ავარიულობის შესახებ თავად დავრწმუნდით. შენობა გადახრილია, საძირკველი და კედლები დაბზარული, კიბის საფეხური ადგილობრივებმა რამდენჯერმე გაამაგრეს. ერთი თვალის შევლებითაც ჩანს, რომ აქ ცხოვრება სახიფათოა.

რეალური ფაქტები თუ რა პირობებში უწევთ ადამიანებს ცხოვრება
რეალური ფაქტები თუ რა პირობებში უწევთ ადამიანებს ცხოვრება

„სახლში ცხოვრება უბრალოდ საშიშია, შეიძლება დაიძინო და ცოცხალმა ვეღარ გაიღვიძო. ერთი პატარა ბიძგი უნდა და მისგან მტვერიც აღარ დარჩება. შარშან მივიყვანეთ გამგეობიდან ხალხი, რომლებსაც სახლში შესვლის შეეშინდათ და გარედან იღებდნენ ფოტოებს. მთაწმინდის რაიონის გამგეობამ სხვა ფართის ქირაობა მაქსიმუმ 500 ლარად შემოგვთავაზა, რასაც რა თქმა უნდა არ დავთანხმდით. 500 ლარად არც კი იძებნება უძრავი ქონების საიტებზე ბინები. გარდა ამისა ამ ეზოში მრავალსულიანი ოჯახებიც ცხოვრობენ და 500 ლარად მართლა შეუძლებელია სადმე მოთავსდნენ”, – აღნიშნავს სახლის მაცხოვრებელი, ელენე მჭედლიშვილი.

შენობის დათვალიერებას სარდაფით ვიწყებთ, თუმცა ჩვენივე უსაფრთხოებიდან გამომდინარე აქ ჩასვლას არ გვირჩევენ. სისველისა და ნესტის მიზეზით აქ კედლები ინგრევა და ჭერიდან ბათქაში ცვივა.

რეალური ფაქტები თუ რა პირობებში უწევთ ადამიანებს ცხოვრება
რეალური ფაქტები თუ რა პირობებში უწევთ ადამიანებს ცხოვრება

ეს, მხოლოდ ერთი კონკრეტული საცხოვრებელი სახლის პრობლემა არ არის, ასეთი შენობები თბილისში დაახლოებით, ათი ათასობითაა.

ქეთევან წამებულის გამზირი, სახლი ნომერი 72 – როგორც მეზობლად მცხოვრები ახალგაზრდა მამაკაცი გვეუბნება ეს სახლი „აკარდიონივით“ არის გადაშლილი. მობინადრეები კი ამ დრომდე აგრძელებენ ამ საშიშ გარემოში ცხოვრებას. შენობის მდგომარეობა უფრო და უფრო მძიმდება და აქ მცოვრებთა, ღელვა და შიში იზრდება.

რეალური ფაქტები თუ რა პირობებში უწევთ ადამიანებს ცხოვრება

ამავე პრობლემის წინაშე დგას მრავალბინიანი კორპუსი ავჭალაში, ლიბანის ქუჩის შესახვევის 22 ნომერში არსებული შენობა სახელწოდებით, „ტიტანიკი“.

მისი საძირკველი უკვე დიდი ხანია, რაც წყალში დგას. შენობის გვერდითა მხრიდან წამოსული მეწყერული მიწა თითქმის ორ სადარბაზოს ფარავს. ვისაც წასასვლელი აქვს, მას ტოვებს და საცხოვრებლად უფრო უსაფრთხო ადგილას გადადის. შენობის მესამედი გაუკაცრიელებულია – კარ-ფანჯრები ჩამოხსნილია, ავეჯი კი გაზიდული. შენობის ცოცხალ ნაწილში ადამიანები ჩვეულებრივ აგრძელებენ ცხოვრებას და იმ დღეს ელოდებიან, როცა მთავრობა ამ კორპუსს დაანგრევს და მათ სხვა ადგილას შესთავაზებს საცხოვრებლად გადასვლას. მობინადრეების თქმით, ამ დრომდე, მოსახლეობა და თბილისის მერია, მთავრობის მიერ წაყენებულ პირობებზე ვერ თანხმდება. ადგილობრივები ახალი ფართებით დაკმაყოფილების შემთხვევაში, ავტოფარეხების ფართის გათვალისწინებასაც მოითხოვენ, მერიის მიერ დადგენილი ნორმები კი ამას არ ითვალისწინებს.

რეალური ფაქტები თუ რა პირობებში უწევთ ადამიანებს ცხოვრება
რეალური ფაქტები თუ რა პირობებში უწევთ ადამიანებს ცხოვრება
რეალური ფაქტები თუ რა პირობებში უწევთ ადამიანებს ცხოვრება
რეალური ფაქტები თუ რა პირობებში უწევთ ადამიანებს ცხოვრება

მთავრობა ავარიული სახლების ახლით ჩანაცვლების ინიციატივით წლებია გამოდის ისე, რომ ოფიციალური სტატისტიკა ამ დრომდე არ მოიპოვება, თუ რამდენი ავარიული სახლია თბილისში.

დაზიანებული საცხოვრებელი სახლების ახლით ჩასანაცვლებლად 2022-2023 წლების თბილისის ბიუჯეტში 20-20 მილიონი ლარი გამოიყო. არსად იყო განმარტება იმის შესახებ, თუ რამდენი მოსახლის ახალი ბინით უზრუნველყოფისთვის იქნებოდა საკმარისი ეს თანხა.

დედაქალაქში ავარიული სახლების გასამაგრებლად წელიწადში რამდენიმე მილიონი იხარჯება, თუმცა აღნიშული, შეუქცევადი პროცესების შეჩერების მცდელობა უფრო არის, ვიდრე პრობლემის მოგვარების. კიდევ რამდენიმე მილიონი ლარი იხარჯება იმ ადამიანებისათვის ქირის გადახდაში, ვინც საშიშ ზონაში ცხოვრობს და მათი ახალი სახლებით უზრუნველყოფა ვერ ხერხდება.

რეალური ფაქტები თუ რა პირობებში უწევთ ადამიანებს ცხოვრება
რეალური ფაქტები თუ რა პირობებში უწევთ ადამიანებს ცხოვრება
რეალური ფაქტები თუ რა პირობებში უწევთ ადამიანებს ცხოვრება

არავინ იცის რა ბედი ელით ამ შენობებსა და იქ მცხოვრებლებს, თუმცა ვარკეთილის დასახლებაში არსებული კორპუსი თბილისის მერიის მიერ დადგენილ იმ ავარიული შენობების სიაში აღმოჩნდა, რომელიც უახლოეს მომავალში ახალი საცხოვრისით უნდა ჩანაცვლდეს.

კახა კალაძის წინასაარჩევნო დაპირება ასეთი სახლების ახლით ჩანაცვლება იყო. თბილისის მერიამ პროექტი დაიწყო. მესამე და უფრო მძიმე კატეგორიის შენობებს აღარ გაარემონტებენ. მოსახლეობას ქირით გაიყვანენ, დაანგრევენ და იმავე ადგილას ან ახლომდებარედ ახალ სახლს აუშენებენ. გარემონტებული, კეთილმოწყობილი ეზოთი ჩაბარდებათ დაახლოებით, 2 წლის შემდეგ.

ეს გადაწყვეტილება უკვე მიღებულია ვარკეთილის დასახლებაში, მე-3 მასივის მე-10 კვარტალში მდებარე N9 კორპუსთან დაკავშირებით, რომელიც ოთხსართულიანი ავარიული შენობაა და რომელიც ახალი, ათსართულიანი შენობა-ნაგებობით უნდა ჩანაცვლდეს.

რეალური ფაქტები თუ რა პირობებში უწევთ ადამიანებს ცხოვრება

ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა და აღნიშნული საცხოვრებელი სახლის ავარიული მდგომარეობის ამსახველი, ასევე, ახალი პროექტის ფოტო-მასალა წარმოადგინა.

რეალური ფაქტები თუ რა პირობებში უწევთ ადამიანებს ცხოვრება

თბილისის მერმა აღნიშნა, რომ შენობის მწვავე ავარიულობიდან გამომდინარე არსებული საფრთხეების გამო, ადგილობრივი მცხოვრებლები მერიას ქირით ჰყავს გაყვანილი.

„წინაასარჩევნოდ ჩვენი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დაპირება ავარიული სახლების ჩანაცვლება იყო. ამ მიმართულებით უკვე გადავდგით კონკრეტული ნაბიჯები და მინდა მორიგი პროექტი გაგაცნოთ – ეს არის საცხოვრებლად უვარგისი შენობა, რომლის ავარიულობის ხარისხი მიეკუთვნება მეოთხე კატეგორიას. 45 ოჯახი ქირით გვყავდა გაყვანილი, რადგან იქ ცხოვრება საფრთხეს წარმოადგენდა. გვაქვს შესაძლებლობა, აღნიშნული შენობა-ნაგებობის დემონტაჟი განხორციელდეს და ახალი საცხოვრებელი სახლის მშენებლობა დაიწყოს. მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული პროგრამა წარმატებით მიმდინარეობს. უკვე დაწყებულია კონცეპტუალური დიზაინ-პროექტისა და დეტალური საინჟინრო, საპროექტო და სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება. როგორც კი ეს ყველაფერი დასრულდება, გამოვაცხადებთ ტენდერს მშენებლობაზე და გვექნება შესაძლებლობა, მოქალაქეებს მეტი ინფორმაცია მივაწოდოთ, რათა აღნიშნული პროექტის მიმართ, რაც შეიძლება მეტი ინტერესი გამოვლინდეს“, – განმარტა თბილისის მერმა.

კახა კალაძემ ასევე, იმ სირთულეებზე ისაუბრა, რომელიც პროექტის განხორციელების შემაფერხებელ ფაქტორებს წარმოადგენს.

„გვაქვს სურვილი და შესაძლებლობა, უფრო მეტი საცხოვრებელი კორპუსის ჩანაცვლება განხორციელდეს, თუმცა არის შემთხვევები, როცა ადგილობრივი მოსახლეობა დამატებით ფართებს ითხოვს. მაგალითად, 100 კვადრატულში ცხოვრობენ, თუმცა 5-20-30 კვადრატული მეტრით მეტ ფართს ითხოვენ, რისი უფლებაც არ გვაქვს. ეს კი პროექტის განხორციელებას აბრკოლებს.

კიდევ ერთხელ ვიმეორებ: მზად ვართ, ჩავანაცვლოთ საცხოვრებელი სახლი და ავარიული შენობის ნაცვლად, ახალი კორპუსი აგიშენოთ – სანამ მშენებლობა მიმდინარეობს, გაგიყვანოთ ქირით, იჯარით, რომ არცერთი თეთრის გადახდა არ მოგიწიოთ, ორი წლის თავზე კი, სრულიად ახალი, გარემონტებული და ყველანაირად მოწესრიგებული საცხოვრებელი კორპუსი გადმოგეცემათ“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

რეალური ფაქტები თუ რა პირობებში უწევთ ადამიანებს ცხოვრება
რეალური ფაქტები თუ რა პირობებში უწევთ ადამიანებს ცხოვრება

პროექტირების ეტაპზეა დამატებით, სამი სახლის საკითხი. ორი ისევ ვარკეთილში და ერთიც საბურთალოზე. ეს ნიშნავს, რომ კორპუსების მცხოვრებთა უმრავლესობა, თანახმაა მერიის პირობაზე. პირობები კი საკრებულოს სპეციალურმა კომისიამ შეიმუშავა. მნიშნელოვანი კრიტერიუმები კი ასე გამოიყურება – ჩანაცვლება ხორციელდება არანაკლებ იმ ფართისა, სადაც ცხოვრობს დღეს ოჯახი; არ ხდება გათვალისწინება სარდაფების, ავტოფარეხებისა და ე.წ „სხვენების“, ასეთი ნაგებობების, ფართში კონვერტაცია არ ხდება.

რეალური ფაქტები თუ რა პირობებში უწევთ ადამიანებს ცხოვრება
რეალური ფაქტები თუ რა პირობებში უწევთ ადამიანებს ცხოვრება

უფრო მარტივად გასაგები, რომ იყოს Kalaki.ge გთავაზობთ თბილისში ავარიული სახლების კატეგორიათა ჯგუფს, თუ როგორ იყოფა ისინი: საბჭოთა პერიოდის დროს აშენებული კორპუსები, რომლებსაც ექსპლუატაციის ვადა უკვე ამოეწურათ; დაუმთავრებელი შენობები, რომლებშიც უსახლკარო ადამიანები ცხოვრობენ; სხვადასხვა დროს გეოლოგიურად საშიშ ზონებში აშენებული სახლები და ბოლოს, თბილისის ისტორიული ნაწილის ამორტიზებული შენობები, რომელებსაც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს.

ავარიული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ჩანაცვლების წესი კი ასე გამოიყურება – ეს წესი შეეხება თბილისში არსებულ ყველა იმ შენობა-ნაგებობას, რომლის ავარიულობის ხარისხიც მიეკუთვნება მესამე, მეოთხე ან მეხუთე კატეგორიას, ანუ ისეთი დაზიანებულია, რომ მასში ცხოვრება სახიფათოა. ამგვარ შენობებში მცხოვრებლებს მერიამ შეიძლება შესთავაზოს ახალ შენობაში საცხოვრებლად გადასვლა, რომელიც შესაძლოა იმავე ტერიტორიაზე აშენდეს, სადაც ავარიული სახლი იდგა, ან მის სიახლოვეს. ახალ შენობაში გადასაცემი ფართის გამოანგარიშებისას ბინის პატრონი მიიღებს მხოლოდ იმდენი ფართის ბინას, რამდენიც იყო მის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართობი: სხვენები, სარდაფები და ავტოფარეხები გათვალისწინებული არ იქნება.

რეალური ფაქტები თუ რა პირობებში უწევთ ადამიანებს ცხოვრება
რეალური ფაქტები თუ რა პირობებში უწევთ ადამიანებს ცხოვრება

ეს შენობები მხოლოდ მცირედი ჩამონათვალია იმისა, რომლის მონახულებაც ამ სტატიის წერისას მოვახერხეთ. როგორც ვახსენეთ, ასეთი ავარიული საცხოვრისები თბილისში, ათი ათასობით შენობას მოიცავს. პრობლემა დღითიდღე კრიტიკული ხდება, რადგან უამრავი ადამიანი, უდიდესი რისკის ქვეშ ცხოვრობს. მათი ყოველი დილა შიშით იწყება. შიშით, რომელიც შესაძლებელია რეალური აღმოჩნდეს და ფატალურადაც კი დასრულდეს. ამ ფაქტების მომსწრენი საქართველოს მაცხოვრებლები არაერთხელ გავმხდარვართ. პრობლემაც და მასზე ზრუნვის განცდაც სწორედ ამ დროს გვეუფლება. რამდენიმე თვის ან წლის გასვლის შემდეგ კი ყველაფერი მივიწყებას ეცემა.