რა მოხდა ვაშლიჯვარში სადაც მრავალსართულიანი კორპუსის მშენებლობა მოულოდნელად შეჩერდა
ვაშლიჯვარში სადაც სამშენებლო კომპანია "არქი" მრავალსართულიან კორპუსს აშენებდა მშენებლობა, მოულოდნელად შეჩერდა, ადგილობრივებმა შენიშნეს, რომ კომპანიამ ტექნიკა ტერიტორიიდან გაიყვანა და მეტიც, მშენებლობისთვის ადგილიდან გატანილი მიწა უკან შემოიტანა. სწორედ ამის შემდეგ მოქალაქეებმა ტერიტორია დრონით დაათვალიერეს და აღმოაჩინეს, რომ მშენებლობის მიმდებარედ მიწას ნაპრალები ჰქონდა გაჩენილი.
kalaki.ge ანანია კაციტაძეს ესაუბრა, რომელიც ვაშლიჯვარში აღნიშნულ ტერიტორიასთან ახლოს ცხოვრობს.
“დრონით გადაღებული ფოტოები, რომ ვნახე ძალიან შემეშინდა. ისედაც ათასი რამ ისმის ამ ტერიტორიაზე და აღარ ვიცი მშვიდად უნდა გავაგრძელო ცხოვრება თუ არა. გაყიდვაც ვცადე სახლის მაგრამ აქ ფასმა იმდენად დაიწია, რომ არამგონია რაიმეს ყიდვა შევძლო.” – ამბობს ანანია kalaki.ge-სთან საუბრისას.
შეგახსენებთ, რომ თბილისში, ვაშლიჯვრის დასახლებაში, ახალი მეწყრული კერის გააქტიურების შესახებ ინფორმაცია გუშინ მოქალაქეებმა გაავრცელეს და დრონით გადაღებული კადრები გამოაქვეყნეს. ადგილობრივების თქმით, იქ, სადაც მიწა დასკდა და ნაპრალები გაჩნდა, ბროწეულისა და იასამნის ქუჩების კვეთაზე სამშენებლო კომპანია „არქი“ მრავალსართულიანი კორპუსის მშენებლობას გეგმავდა.
რაც შეეხება გეოლოგიურ დასკვნას, მასში მეწყრული კერის შესახებაა საუბარი, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: „ტერიტორიაზე ცალკეულ ადგილებში გამოიყოფა გეოლოგიური საშიშროების საშუალო და მაღალი რისკის არეალები, ასევე მოსალოდნელია ხევის მხრიდან ღვარცოფული ნაკადების მოქმედება“. – წერია დასკვნაში.
დედაქალაქის მერიაში კი ადასტურებენ, რომ ვაშლიჯვარში, ბროწეულას ქუჩაზე, სადაც კორპუსი შენდებოდა, ბზარები გაჩნდა და სამუშაოები შეჩერებულია. უწყებაში ამბობენ, რომ დამკვეთს დამატებითი კვლევების წარდგენა დაევალა.