რა მოხდა ვაშლიჯვარში სადაც მრავალსართულიანი კორპუსის მიმდებარედ გადაღებულ ფოტოს საზოგადოების გამოხმაურება მოჰყვა
საბურთალოს რაიონში, ვაჟლიჯვარი მშენებლობისთვის საშიშ ზონად ოფიციალურად არავის გამოუცხადებია, თუმცა ერთი რამ ფაქტია, ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა, რომელიც ტერიტორიის სეისმურ მდგრადობას ეჭვქვეშ აყენებს, საზოგადოების შეშფოთება გამოიწვია და გაყიდვებმაც იკლო, თუმცა არ გაჩერებულა მშენებლობები, რომლებიც ამ დრომდე გრძელდება.
ერთმა ფოტომ, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელდა თბილისელების შეშფოთება გამოიწვია. საუბარია ბროწეულის ქუჩა N5-ში მიმდინარე სამშენებლო სამუშაოების ადგილას გაჩენილი ბზარების შესახებ.
დედაქალაქის მერიას აღნიშნულ ფაქტზე, განმარტების გაკეთება მოუწია. მათი ცნობით, აღნიშნულ მისამართზე, თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურის ბრძანებით, შეთანხმებულია მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის პროექტი, რომელსაც შპს „გელოვანი დეველოფმენთი“ ახორციელებს.
“კომპანიას დაწყებული ჰქონდა საძირკვლისა და ხიმინჯების მოწყობა, თუმცა, ვინაიდან ბზარები შეინიშნებოდა, ამჟამად სამუშაოები შეჩერებულია. მუნიციპალურმა ინსპექციამ დაიწყო შესწავლა. ამ ეტაპზე, გამოიკვეთა, რომ პროექტში გათვალისწინებულია დასკვნის საფუძველზე შესაძლო რისკების დაზღვევის მიზნით კონსტრუქციული ღონისძიებები.
დამკვეთს დაევალა დამატებითი კვლევის წარმოდგენა და კვლევის საფუძველზე მიზანშეწონილი ღონისძიებების გატარება. კომპანიამ დაგვიდასტურა, რომ დაწყებული აქვს კვლევები ბზარებთან დაკავშირებით. კვლევის საბოლოო შედეგები უახლოეს დღეებში შესაბამისი ფორმით წარმოდგენილი იქნება მუნიციპალურ ინსპექციაში,”- ნათქვამია განცხადებაში.