რა ხდება ამ წუთებში თბილისში, კეკელიძის #1-ში სადაც ოჯახის გამოსახლების პროცესს მოქალაქეები იცავენ, არიან დაკავებულები და დაშავებულები
კეკელიძის #1-ში ცრემლსადენი გაზის გაშვება მოხდა.
ამ წუთებში პოლიციას შიდა სივრციდან ძალის გამოყენებით ის მოქალაქეები გამოჰყავს, რომლებიც ბინაში შეიკრიბნენ ოჯახის დასაცავად. ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ მოხდა ცრემლსადენი გაზის გაშვება.
საკითხს ცოტა ხნის წინ საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი გამოეხმაურა, მისი განმარტებით დაუშვებელია გამოსახლება მოხდეს ზამთრის პერიოდში.
“ზამთარში ადამიანების გამოსახლება ყველა ევროპულ ქვეყანაში აკრძალულია! ადამიანის უფლებები თუ ევროპული ღირებულებები სხვა კი არაფერია!” – წერს პრეზიდენტი.
გამოსახლების პროცესი ხუთჯერ გადაიდო, ბოლო მოლაპარაკება გუშინ შედგა, მოვალე მხარემ ალტერნატიული ფართი შესთავაზა თუმცა ოჯახმა უარი განაცხადა.
როგორც ბინის ყოფილი მფლობელი მარინა ხატიაშვილი ამბობს, მან “საქართველოს ბანკიდან” თანხა 2008 წელს ისესხა, თუმცა 2013 წელს თვე-ნახევრის ვადაგადაცილების გამო, საქმე სასამართლოს გადაეცა და ბანკის თანამშრომელმა ის კერძო იპოთეკარებთან გადაამისამართა – საბოლოოდ, ხატიაშვილებმა “საქართველოს ბანკს” 10-წლიან $20 000-ის სესხში 5 წელიწადში გადაუხადეს $43 000. კერძო იპოთეკარებისთვის კი მთლიანობაში გადახდილი აქვთ $80 000.