რა ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება ბათუმში და როგორ ემზადება ახალი საზღვაო სეზონისთვის შავი ზღვისპირა ქალაქი
ბათუმში სხვადასხვა ლოკაციაზე, ინფრასტრუქტურული პროექტები მიმდინარეობს, შავი ზღვისპირა ქალაქი ახალი საზღვაო სეზონისთვის ემზადება. ბათუმის მერია ქალაქში მიმდინარე ყველა ინფრასტრუქტურულ პროექტზე ბათუმელებისთვის ინფორმაციას და ფოტომასალას ავრცელებს. გთავაზობთ ფოტორეპორტაჟს ზღვისპირა ქალაქში მიმდინარე, სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტებიდან.
“ლეონიძის ქუჩაზე რეაბილიტაცია გრძელდება და ამ ეტაპზე გზაგამყოფი ზოლის მოწყობა მიმდინარეობს.
დადიანის ქუჩაზე გარეგანათების სისტემის მონტაჟისა და საგზაო ნიშნების დახაზვის სამუშაოები ხორციელდება.
ქვაფენილის საფარიანი ქუჩებისა და ტროტუარის ფილების შეკეთება-აღდგენის პროცესი ყოველდღიურ რეჟიმში სრულდება. სამუშაოები მემედ აბაშიძის, რუსთაველისა და ნინოშვილის ქუჩებზე დილიდან მიმდინარეობს.
ბათუმში ქუჩის სახელწოდებისა და ნუმერაციის აღმნიშვნელი აბრების განთავსება გრძელდება. აღნიშნული სამუშაოები წლის ბოლომდე დამატებით 5000 მისამართზე იგეგმება.
საცხოვრებელი სახლების ეზოებში, სკვერებისა და კორპუსების მიმდებარედ არსებული ფანჩატურებისა და საბაღე სკამების რეკონსტრუქცია-აღდგენა რეგულარულად ხორციელდება.
ყოველდღიურად იწმინდება და ირეცხება სანიაღვრე ჭები და ცხაურები.
ღია არხები იწმინდება ანბანის კოშკთან, ბეთლემის ქუჩასა და თამარ მეფის პირველ შესახვევში.
მახინჯაურის დასახლებაში მოსახლეობის მიერ თვითნებურად წარმოქმნილი უკანონო ნაგავსაყრელის დასუფთავება დასრულდა. აღნიშნული სამუშაოები ასევე სვიშევსკის ქუჩაზე განხორციელდა.
ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის მიერ ქალაქის ტერიტორიაზე უნებართვო კონსტრუქციების დემონტაჟი და ტერიტორიიდან გატანა ეტაპობრივად მიმდინარეობს.
ბათუმის მასშტაბით რეგულარულად მიმდინარეობს ქუჩების, სკვერებისა და ტროტუარების დაგვა-დასუფთავების ღონისძიებები.
საყვავილე კლუმბებისა და წრიულების მოწესრიგება გრძელდება.”- ნათქვამია ინფორმაციაში.