რა ღირს და რა ეღირება ზაფხულის სეზონზე ბინა ბათუმში – რას ყვებიან kalaki.ge – სთან უძრავი ქონების მფლობელები

kalaki.ge დაინტერესდა რამდენად ქირავდება ბათუმში ბინები ზაფხულის სეზონზე, უძრავი ქონების რამდენიმე აგენტმა განაცხადა, რომ ბინებს გასული წლის ფასებით აქირავებენ.

რა ღირს და რა ეღირება ზაფხულის სეზონზე ბინა ბათუმში – რას ყვებიან kalaki.ge – სთან უძრავი ქონების მფლობელები

ბათუმის პირველ ზოლში, ზღვასთან ახლოს, სტუდიოს ტიპის ბინა დღეში, ივნისში 80-დან 100 ლარამდე დაგიჯდებათ.

ქალაქის შუა ნაწილში, დღიური გაქირავების ფასები 60-დან 80 ლარამდეა.

ასევე ერთი დღით ბათუმის შემოგარენში ბინას 50 ლარადაც იქირავებთ.

რაც შეეხება ორბის ბინებს, ივნისის თვეში დღიური გაქირავების ფასი, 90 ლარიდან 120 ლარამდე მერყეობს.

აღნიშნული ფასები და ბინები განთავსებულია უძრავი ქონების სხვადასხვა გვერდზე, ჩვენ რამდენიმე მეპატრონეს დავუკავშირდით, რომლებიც ბინებს ბათუმის სხვადასხვა უბანში აქირავებენ.

“მე გორგილაძის ქუჩაზე ერთ ოთახიან სტუდიოს ტიპის ბინას ვაქირავებ, ვერ ვიტყვი, რომ ივნისი დატვირთულია, თუმცა დამსვენებლებიც არიან, რაც შეეხება ფასს არ გამიზრდია და როგორც წინა წელს 80 ლარი დავტოვე” მარიანა მარქარიანი.

“ზღვის პირველ ზოლში ორი ბინა მაქვს, თუმცა რემონტი წელს დავასრულე და პირველი დამსვენებელიც შევუშვი, ამიტომ წინა წლების სტატისტიკას ვერ გეტყვით, მაგრამ იმედი მაქვს დატვირთული სეზონი იქნება რადგან, კრედიტით დავასრულე სახლის მოწესრიგება ამიტომ ბევრ სტუმარს ველოდები, რადგან ყველაფერი ახალი დასრულებულია მე 140 ლარად გავაქირავე.”

“წინა წლებთან შედარებით ვერ გეტყვით, რომ დიდი ცვლილებაა ივნისი ყოველთვის არაა გადატვირთული ტურისტებით, თუმცა მოლოდინი გვაქვს, მე პირადად ჭავჭავაძეზე, 60 ლარად ვაქირავებ და თითქმის სულ ერთი და იგივე დამსვენებლები მსტუმრობენ, არ ვაპირებ ფასის ცვლილებას.”- ლონდა მანია.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მაისის თვის უძრავი ქონების კვლევების მიხედვით, წინა წელთან შედარებით ბათუმში, ქირის ფასმა იკლო.