რა ელის თბილისს რამდენიმე წელში?-რა მასალებს ასაჯაროვებს ურბანული კვლევების ცენტრი

„ურბანული კვლევების ცენტრმა (URC)“ კვლევის “მტკვრის მარჯვენა სანაპიროს ურბანული გამოწვევები” მნიშვნელოვანი კვლევა გაასაჯაროვა.

რა ელის თბილისს რამდენიმე წელში?-რა მასალებს ასაჯაროვებს ურბანული კვლევების ცენტრი

კვლევა ყურადღებას ამახვილებს თბილისის ისტორიულ ნაწილში სამშენებლო ტენდენციებზე, ურბანულ გამოწვევებსა და პოტენციურ საფრთხეებზე, ასევე, ტენდენციების ზეგავლენაზე ურბანული მემკვიდრეობის, მიწათსარგებლობისა და სატრანსპორტო პოლიტიკის თვალსაზრისით.

ძირითადი საკვლევი არეალი მოიცავდა პრობლემურ პროექტებს თამარ მეფის ხიდიდან რესპუბლიკის მოედნისა და ყოფილი საქანელას ქუჩის მიდამოებში. კერძოდ, 16 პრობლემურ პროექტს. კვლევას რამდენიმე ავტორი ჰყავს: თამარ ამაშუკელი, ნანო ზაზანაშვილი, ელენე ხუნდაძე და ანა ხუროძე.

ავტორების შეფასებით, ყველა ეს პროექტი მთლიანად ან ნაწილობრივ უგულებელყოფს კულტურული მემკვიდრეობის შესახებ საქართველოს კანონით დადგენილ მიზნებსა და ფასეულობებს.

“მაგალითად, საქანელას ქუჩის არეალში დაგეგმილი პროექტი სრულიად შლის აღნიშნული ქუჩის კვალს, სისტემური ხასიათი აქვს ქიაჩელის ქუჩასა და ჯავახიშვილის ქუჩებს შორის მოქცეული ისტორიულად გაუნაშენიანებელი, მწვანე არეალის ათვისებასაც, ლანდშაფტში მნიშვნელოვანი ჩარევით, გამწვანებული სივრცეების ამოვსებით ან/და ახლებური დაგეგმარებით ზიანი ადგება და საფრთხის ქვეშ დგება ქალაქის უნიკალური არქიტექტურულ-სივრცობრივი ორგანიზაცია. გაუმჭვირვალეა გადაწყვეტილების მიღების საფუძვლები და ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს დასკვნები ზოგადი, შაბლონური ტექსტით შემოიფარგლება”, — აღნიშნავენ მკვლევრები.

კვლევის ძირითად მიგნებებში საუბარია ასევე იმის შესახებ, რომ დედაქალაქი გასცემს ნებართვას ისეთი დაუსახლებელი სივრცეების მაღალი ინტენსივობით ათვისებაზე, სადაც მისასვლელი ერთადერთი საშუალება ავტომობილია. დაშვებულია უკვე არსებული განაშენიანების გამჭიდროება, რასაც ქაოსური ხასიათი აქვს. ამ ქმედებების ზეგავლენა კი არ ფასდება, შესაბამისად, არ იგეგმება დასაბუთებული, მაკომპენსირებელი ღონისძიებები.