რა ბედი ელის ელიავას ბაზრობას?
დედაქალაქის ცენტრში, განთავსებული ელიავას ბაზრობა არც თუ ისე კარგი სანახავია თბილისის ცენტრალურ უბანში, რომ აღარაფერი ვთქვათ იმ ეკოლოგიურ კატასტროფაზე რასაც სხვადასხვა კვლევები წლებია ადასტურებს, თუმცა ელიავასა და მის ირგვლივ არსებული გეგმები ძველ ქართულ გამოთქმას ჰგავს "ძაღლი ჰყეფს და ქარავანი მიდის". აქვე უნდა ითქვას, რომ ელიავას ბაზრობის მთავარ ნაწილს 12 მესაკუთრე ჰყავს, რომელთანაც როგორც დედაქალაქის მთავრობა გვამცნობს მოლაპარაკება მიმდინარეობს.
ელიავას ბაზრობასთან დაკავშირებით პროგრესი გვაქვს-ეს განცხადება ირაკლი ხმალაძეს, დედაქალაქის ვიცე-მერს ეკუთვნის. მან კომენტარი საკითხთან დაკავშირებით BMG-ის კითხვის საპასუხოდ გააკეთა.
“ჩვენ აქამდე თუ გვქონდა შეუთანხმებლობის პრობლემა, დღეს შეიძლება ითქვას, რომ აღარ გვაქვს. ქალაქის გენ-გეგმაში ელიავას ბაზრობის არეალთან დაკავშირებით გარკვეული ცვლილებები უკვე შევიტანეთ, გზათა ქსელი უკვე დატანილია. ახალი გზათა ქსელის შესაბამისად, ყველას აქვს შესაძლებლობა თავიანთი არეალის გრგ (განაშენიანების რეგულირების გეგმა) დაამუშაოს, ერთ-ერთი მსხვილი არეალის გეგმარებასთან დაკავშირებით უკვე მიმდინარეობს სამუშაოები, მე ამ დღეებშიც მაქვს შეხვედრები, თუმცა დეტალურ ინფორმაციას ახლა ვერ გაგიმხელთ. ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ უახლოეს თვეებში გარკვეული გადაწყვეტილებები მივიღოთ“, – განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.
აღსანიშნავია, რომ ელიავას ბაზრობასთან დაკავშირებით წლების წინ სხვადასხვაგვარი გეგმები არსებობდა, მათ შორის მისი ტერიტორიიდან გადატანის, ორი წლის წინ კი სულ სხვა ინფორმაცია გავრცელდა, რომლის მიხედვითაც აღნიშნულ ტერიტორიაზე ახალი შენობა აშენდებოდა, თუმცა როგორ წარიმართა და საბოლოოდ რა ბედი ეწევა ელიავას ბაზრობას, ჯერ-ჯერობით უცნობია.