ფუნქციადაკარგული კინოსტუდია რენოვაციის მოლოდინში
თბილისი ეს ის ქალაქია, რომლის დათვალიერებისას, ქართული ფილმის ასობით კადრი წარმოგიდგებათ თვალწინ
თბილისი ეს ის ქალაქია, რომლის დათვალიერებისას, ქართული ფილმის ასობით კადრი წარმოგიდგებათ თვალწინ - ვიწრო, უსწორმასწორო ქუჩები, შთამბეჭდავი ძველი სახლები. ის არის მსახიობი, რომელსაც კინორეჟისორები ლირიკულ გმირს უწოდებენ. არ აქვს მნიშვნელობა სად მიმართავთ კამერას, ყველა კადრი გასაოცარი იქნება.
თუმცა ამ აქრიტექტურული შედევრებით სავსე ქალაქში, ჩვენმა კამერამ დავით აღმაშენებლისა და თამარ მეფის გამზირის კვეთაზე არსებული შენობა დააფიქსირა. ეს ის ადგილია, სადაც ოდესღაც ნამდვილი ილუზიები იქმნებოდა, თუმცა მისი დღევანდელი რეალობა მძიმეა.
მრავალი ძიებისა და ინფორმაციის გაცნობის შემდეგ აღმოვაჩინე, რომ დავით აღმაშენებლის გამზ. #164-ში არსებული ნაგებობა, თავდაპირველად კინოსტუდია ”ქართული ფილმის”/იგივე, საქართველოს სახკინმრეწვის ფაბრიკა-ატელიე გახლდათ. შენობის განსათავსებლად გამოიყო მაშინდელი პლეხანოვისა და ჩელუსკინელების ქუჩათა გადაკვეთა.
ქართული კინოს ისტორიაზე საუბარი ამ პავილიონის გარეშე შეუძლებელიცაა. ქართული კინემატოგრაფიის ისტორიაში შესული ფილმები სწორედ ამ შენობაშია გადაღებული. შენობა კონსტრუქტივიზმის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ნიმუშს წარმოადგენს, რომელმაც ქართული ავანგარდული არქიტექტურის განსხვავებული სახე შექმნა. კინო საქართველოში ხელოვნების ერთ-ერთ მოწინავე დარგად ითვლებოდა, რასაც შესაბამისი ინფრასტრუქტურის არსებობაც უწყობდა ხელს.
ეს ფაბრიკა გახლდათ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და დიდი კინო-სტუდია საბჭოთა კავშირში, სანამ დიღმის მასივში არ გამოჩნდა ეგრეთ წოდებული ”ახალი კინო-სტუდია”.
ძირითადი ნაგებობა, რომელსაც ეროვნული მნიშვნელობის უძრავი ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული, აგებულ იქნა 1930 წ, არქიტექტორ მიხეილ ბუზოღლის მიერ 1927 წელს შესრულებული პროექტით.
ტერიტორიაზე განლაგებულია ჯგუფი ნაგებობები, რომლებიც ერთმანეთისაგან განსხვავდებიან, როგორც აგების თარიღით და ფუნქციური დანიშნულებით (თეატრი, კინო და ანიმაციური სტუდიები, ტურისტული თუ სამოდელო სააგენტოები, ფოტო-სახელოსნო, საგარდერობოები და სხვ.), ისე არქიტექტურულ-მხატვრული მნიშვნელობით. ძირითად შენობასთან ერთად მის მოშორებით აგებულ იქნა, ყოფილი ჩელუსკინელების ქუჩის მიმართ პერპენდიკულარულად განთავსებული, სამსართულიანი დამხმარე ფუნქციის მქონე შენობა. ტერიტორიაზე დღეს არის საცხოვრებელი სახლი, რომლის ფასადიც მთლიანად სახეშეცვლელია, ადაპტირებულია ძეგლ-შენობასთან და ერთი შეხედვით მისგან არც განირჩევა. რაც შეეხება დანარჩენ შენობა-ნაგებობებს: სამსართულიანი საგარდერობო, ყურადღებას იქცევს მხოლოდ, როგორც ძეგლი-შენობის თანადროული და სტილისტურად მასთან დაკავშირებული ნაგებობა – აქაც კარნიზები შემკულია ცემენტისაგან ჩასხმული ”ქართული ორნამენტით”. სხვა არქიტექტურულ-მხატვრული მახასიათებლებით ნაგებობა ინტერესს არ იწვევს. დანარჩენ ერთ-ორ სართულიან ნაგებობათაგან მნიშვნელოვანია კინო პავილიონი, სადაც გადაღებულ იქნა პირველი ქართული მულტიპლიკაციური ფილმი, არაერთი მხატვრული ფილმი.
წლებია ამ შენობამ ფუნქცია დაკარგა. ამბობენ, რომ ძველმა კინოსტუდიამ ახალი სიცოცხლე უნდა შეიძინოს. შენობის მფლობელი ამჟამად “სოდი ინვესტმენტია”. სწორედ ამ კომპანიამ აიღო კინოსტუდიის შენობის და მისი მიმდებარე ტერიტორიის განახლება-განვითარება საკუთარ თავზე.
ზუსტად 1 წლის წინ “სოდი ინვესტმენტი”-ში განაცხადეს, რომ თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე მდებარე ძველი კინოსტუდიის შენობის და მისი მიმდებარე ტერიტორიის განახლება-განვითარების პროცესი აქტიურ ფაზაში გადავიდა.
კინოსტუდიის შენობის კულტურული და ისტორიული მნიშვნელობიდან გამომდინარე, კომპანიის გადაწყვეტილებით დაიწყო არქიტექტურული კონკურსის ორგანიზების პროცესი, რომლის მართვის მიზნითაც “სოდი ინვესტმენტმა” მშენებლობის მენეჯმენტის კომპანია „LSG Solutions“ შეარჩია, რომელსაც საერთაშორისო არქიტექტორებთან და ექსპერტებთან მუშაობის გამოცდილება აქვს.
კულტურული და ისტორიული ფაქტორებიდან გამომდინარე, “სოდი ინვესტმენტმა” მიზნად არქიტექტურული კონკურსის ჩატარება ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით დაისახა. კონკურსის მიზანი იყო კომპეტენტური ჟიურის მიერ შეერჩია არქიტექტურული კონცეფცია, რომელიც ჰარმონიაში იქნებოდა დედაქალაქის ისტორიული, კულტურული და ეკონომიკური განვითარების პოტენციალთან.
Kalaki.ge შეეცადა კომპანიისაგან გაერკვია თუ რა ეტაპზეა კონკურსი და რა ბედი ელის ძველ კინოსტუდიას. „სოდი ინვესტმენტი“-ში განგვიმარტეს, რომ კონკურსი დასრულდა, კომპეტენტური ჟიურის მიერ შეირჩა არქიტექტურული კონცეფცია და ამჟამად მიმდინარეობს შემდეგ ეტაპზე მუშაობა. თუმცა კითხვაზე თუ ვინ არის გამარჯვებული და რა კონცეფციით განვითარდება ძველი კინოსტუდიის შენობისა და მისი მიმდებარე ტერიტორიის განახლება-განვითარების პროცესი, კომპანიაში განაცხადეს, რომ აღნიშნულ ინფორმაციას უახლოეს მომავალში გაასაჯაროებენ.