პოლიციის ქალაქი – ₾125 მილიონიანი პროექტი, რომელიც საბურთალოზე, ანა პოლიტკოვსკაიას ქუჩაზე ხორციელდება
შენი სიცოცხლის რისკის ფასად იბრძოდე სხვა ადამიანის სიცოცხლის დასაცავად, უყურო როგორ გეღუპება თანამებრძოლი, მაგრამ მაინც არ დანებდე...
შენი სიცოცხლის რისკის ფასად იბრძოდე სხვა ადამიანის სიცოცხლის დასაცავად, უყურო როგორ გეღუპება თანამებრძოლი, მაგრამ მაინც არ დანებდე, რადგან ბოროტებაზე იმარჯვებ - ეს აღმატებული გრძნობაა, რაც კიდევ უფრო დიდ მოტივაციას გიქმნის.დღევანდელი პოლიტიკური თუ სოციალური კრიზისის ფონზე იყო კარგი პოლიციელი უდაოდ ნიშნავს, რომ იყო გმირი. გმირობაა ასევე, იყო პოლიციელის ოჯახის წევრი, ქვეყანაში ყოველი მიმდინარე მოვლენა გაშინებდეს და განცდით ელოდე ოჯახის წევრის დაბრუნებას.
ამ ადამიანებს უდაოდ სჭირდებათ, როგორც სახელმწიფოსაგან, ისე მოქალაქების მხრიდან წახალისება. ეს არ არის პრემია ან დანამატი! განა რა პრემიის გულისთვის ვიტვირთავდით მათ ბედს? – თითოეული ჩვენთაგანი დაფიქრდეს!
მცირეა, თუმცა მაინც მისასალმებელი ინიციატივაა ჩვენი ქვეყნის წესრიგის სადარაჯოზე მყოფი ადამიანებისათვის, „პოლიციის ქალაქის“ მშენებლობა.
ჯერ კიდევ 2022 წლის აპრილში, პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა „პოლიციის ქალაქის“ მშენებლობა დააანონსა. საქართველოს პრემიერმა აღნიშნა, რომ ეს პროექტი შინაგან საქმეთა მინისტრ, ვახტანგ გომელაურის გადაწყვეტილებით, ჯიქიას ქუჩაზე განხორციელდება. საცხოვრებელი კომპლექსი კი პოლიციის სპეცდანიშნულების ბაზის ტერიტორიაზე განთავსდება. იმავე წლის ბოლოს ხელისუფლებამ 131 მილიონი ლარის ღირებულების ტენდერი გამოაცხადა, რომელშიც ერთადერთმა მონაწილე კომპანია „ანაგმა“ თქვა, რომ მზადაა, 125 მილიონ ლარად პოლიციის ქალაქის მშენებლობა უზრუნველყოს. აქვე შეგახსენებთ, რომ „ანაგი“ სახელმწიფოს ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი კონტრაქტორი სამშენებლო კომპანიაა.
2023 წლის 5 მაისს კი შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებისთვის განკუთვნილი „პოლიციის ქალაქის“ მშენებლობასთან დაკავშირებით, კაფსულის ჩადების ცერემონია გაიმართა.
ერთ-ერთი შენობის საძირკველში, სიმბოლური კაფსულა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა და პროექტის განმახორციელებელი კომპანია „ანაგის“ გენერალურმა დირექტორმა, ირაკლი გოგოლიშვილმა ჩადეს.
პროექტი საბურთალოს რაიონში, ანა პოლიტკოვსკაიას ქუჩის 69 ნომერში ხორციელდება. ესაა 7 კორპუსისაგან შემდგარი მიკროუბანი, რომელიც 1100 ოჯახზეა გათვლილი. „პოლიციის ქალაქი“ 152 921 კვადრატული მეტრის ტერიტორიაზე შენდება. ამ მიწის სატყეო ნაწილი კი საზოგადოებრივ საქმიან ზონას ეკუთვნოდა. მშენებლობის დაწყებამდე სახელმწიფომ მათ საცხოვრებელი ზონის სტატუსი მისცა.
ტერიტორიაზე, სადაც 12 და 13 სართულიანი საცხოვრებელი კორპუსები უნდა აშენდეს, ბინები ორი ზომის იქნება – 65 და 75 კვადრატული მეტრის ფართობებით. ყველა ბინას ექნება აივანი. პოლიციელებს ბინები შეღავათიან ფასად გადაეცემათ – 1კვ.მ ფართობზე 300 ლარს გადაიხდიან, დანარჩენ ღირებულებას კი სახელმწიფო დაფარავს. ამ უბანში მშენებარე კორპუსებში, 1კვ.მ-ის ფასი 900-დან 1 500 დოლარამდეა. მფლობელებს ბინები თეთრი კარკასის მდგომარეობაში ჩაბარდებათ. საცხოვრებელ კომპლექსთან ერთად მოეწყობა, გასართობი და სპორტული სივრცეები.
„მიხარია, რომ ბატონ ვახტანგთან ერთად მონაწილეობა მივიღე ამ ძალიან მნიშვნელოვან ღონისძიებაში, მოგეხსენებათ, რომ ჩვენი გადაწყვეტილებით, დავიწყეთ პოლიციის ქალაქის მშენებლობა, რომელიც გათვლილი იქნება 1000-ზე მეტ პოლიციელზე. ხედავთ, რომ უკვე დაწყებულია სამუშაოები, მშენებელი კომპანია, გვპირდება რომ ძალიან მალე, დაახლოებით ორ წელიწადში დასრულდება სამუშაოები და ჩვენ 1000-ზე მეტ პოლიციელს გადავცემთ ბინებს. მინდა ასევე გაცნობოთ, რომ ამ პროექტის ღირებულება დაახლოებით 125 მილიონ ლარს შეადგენს, პოლიციელები გადაიხდიან სიმბოლურ ფასს, მე ასე ვიტყოდი – კვადრატულ მეტრში 300 ლარს, დაახლოებით ასე გამოვა, დანარჩენ ხარჯებს მთლიანად დაფარავს სახელმწიფო, სამინისტრო და რაც მთავარია მინდა ვაცნობო ჩვენს საამაყო, გმირ პოლიციელებს, რომ ეს პროექტი არ იქნება ერთჯერადი, პოლიციის ქალაქების მშენებლობა გაგრძელდება მომავალშიც და ჩემი, ჩვენი სურვილი არის, რომ ეს თვითონ საკანონმდებლო დონეზეც იქნას გარანტირებული – აი ეს მინდოდა მეთქვა, კიდევ ერთხელ მინდა ჩვენს გმირ, საამაყო პოლიციელებს მადლობა ვუთხრა ყველაფრისთვის, იმისთვის რომ იცავენ ჩვენს ქვეყანას, ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას, ჩვენს მოქალაქეებს და ჩვენი ხელისუფლების ვალდებულება არის, რომ ყველაფერი საუკეთესო გავუკეთოთ ჩვენს გმირ პოლიციელებს. დიდი მადლობა ბატონ ვახტანგს და თითოეულ პოლიციელს”, -განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა კი პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა და ინიციატივისთვის საქართველოს პრემიერ-მინისტრს მადლობა გადაუხადა.
„დიდი მადლობა ბატონ პრემიერს. მისი ინიციატივა იყო პროექტი. როგორც უკვე გააჟღერა ბატონმა პრემიერმა, 1000 ბინა გადაეცემათ ჩვენს პოლიციელებს. დაახლოებით ორ წელიწადში დასრულდება პროექტი. ძალიან მნიშვნელოვანია ყველა ჩვენგანისთვის და რაც მთავარია, თქვენც მოისმინეთ, რომ ეს არ არის ერთჯერადი, კიდევ გაგრძელდება და მომავალში სხვა პროექტიდან გადაეცემათ ჩვენს პოლიციელებს ბინები. დიდი მადლობა მთავრობას, პრემიერს მხარდაჭერისთვის”, – განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა.
საკითხმა დისკუსია გამოიწვია – რიგი მოქალაქეები თვლიან, რომ პოლიციელები ყველაფერს საუკეთესოს იმსახურებენ და მთავრობის მიერ გადადგმულ ნაბიჯს პოზიტიურად უყურებენ. ნაწილი კი ფიქრობს, რომ აღნიშნული პროექტი წამოწყებულია, დავალების კარგად შემსრულებელი პოლიციელების წასახალისებლად. მათი აზრით, ხელისუფლება დგას ძალოვან სტრუქტურებზე, ამიტომ გადაწყვიტეს, რომ ამ გზით ძალოვანების კეთილგანწყობა მოიპოვონ.
როგორ აირჩევა ათასობით პოლიციელს შორის, ის პირველი ათასი იღბლიანი, ვინც სახელმწიფოს ამ ხელსაყრელი შეთავაზებით ისარგებლებს, ანუ რა იქნება ამ კორპუსებში ბინის მიღებისთვის საჭირო კრიტერიუმები, ამას მომავალი გვიჩვენებს.