ფილარმონიის მიმდებარედ, ტერიტორიის სარეაბილიტაციო სამუშაოების პირველი ნაწილი დასრულდა
აღნიშნული ტერიტორია იერსახის უცვლელად რეაბილიტირდა - მოპირკეთდა ბუნებრივი ქვის ფილებით,მოეწყო ჰიდროიზოლაცია, რათა უხვი ნალექის დროს სარდაფები დაცული იყოს დატბორვისგან, აღდგა და განახლდა საკონცერტო დარბაზთან ასასვლელი კიბეები.
„დავასრულეთ ფილარმონიის წინ არსებული სივრცის სარეაბილიტაციო სამუშაოების პირველი ეტაპი. აღნიშნული სივრცე იყო მთლიანად ამორტიზებული – დამტვრეული ფილები, მოშლილი სადრენაჟო სისტემა, ქვემოთ არსებულ ოთახებში წვიმის დროს წყალი ჩადიოდა. ეს ყველაფერი მოწესრიგდა. თქვენ იცით, რომ აღნიშნული სივრცე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია და რა თქმა უნდა, პირვანდელი სახით აღდგა.”- განაცხადა დედაქალაქის მერმა.
რაც შეეხება სამუშაოების მეორე ეტაპს, კალაძის განმარტებით, უახლოეს პერიოდში, დაგეგმილია ლითონის მოაჯირების მონტაჟი, რომელიც დამზადების პროცესშია. ასევე, დაიწყება ტერიტორიაზე არსებული შადრევნის რეაბილიტაცია.