კახა კალაძე-1-ელი აპრილიდან დიდუბის რაიონში, აკაკი წერეთლის გამზირსა და მის მიმდებარე ქუჩებზე ზონალურ-საათობრივი პარკირება ამოქმედდება
დიდუბეში ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემაში რეგისტრაციისთვის საინფორმაციო ჯიხურები განთავსდა, ხოლო 1-ელი აპრილიდან დიდუბის რაიონში, აკაკი წერეთლის გამზირსა და მის მიმდებარე ქუჩებზე ზონალურ-საათობრივი პარკირება ამოქმედდება. ინფორმაცია დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე კახა კალაძემ გაავრცელა.
„კიდევ ერთხელ შევახსენებ მოსახლეობას, რომ 1-ელი აპრილიდან დიდუბის რაიონში, აკაკი წერეთლის გამზირსა და მის მიმდებარე ქუჩებზე ზონალურ-საათობრივი პარკირება ამოქმედდება. იმისთვის, რომ ადგილობრივმა მოსახლეობამ საცხოვრებელ სახლებთან უფასოდ გააჩერონ ავტომანქანები, ადგილობრივ მცხოვრებლებს მოვუწოდებ, დროულად მიმართონ განთავსებულ პავილიონებს და დაარეგისტრირონ ავტომობილები“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.
მერმა დაასახელა მისამართები, სადაც მოქალაქეები აღნიშნულ მომსახურებას მიიღებენ. კერძოდ, პავილიონები განთავსებულია შემდეგ მისამართებზე: წერეთლის გამზირი N118 (საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიას“ მიმდებარედ); წერეთლის გამზირი N12ა-ს მიმდებარედ; წერეთლის გამზირი N116; წერეთლის გამზირი N76; წერეთლის გამზირი N48; წერეთლის გამზირის N140 (მეტროსადგურ „დიდუბის“ მიმდებარედ); წყალტუბოს ქუჩა N10
აღსანიშნავია, რომ პავილიონები იმუშავებს ყოველდღე, კვირისა და ორშაბათის გარდა, 09:00-იდან 18:00 საათამდე.