პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია გაიმართა
პარლამენტთან მიმდინარე აქციას მოქალაქეებიც შეუერთდნენ.
“საწყის ეტაპზე მოლაპარაკებები მიდიოდა დასაქმებულსა და დამსაქმებლებს შორის. თხოვნით მივმართავდით, რომ გონივრულად გადაეწყვიტათ ჩვენი პრობლემები. ჩვენ რამე განსაკუთრებულს არ ვითხოვდით. ჩვენ ვითხოვდით არსებულის შენარჩუნებას. ვითხოვდით იმ პირობებს, რაც ჩვენს უფლებებს არ დაარღვევდა და არ დაგვაყენებდა სიცოცხლის რისკის წინაშე. ეს ყველაფერი რომ გაეთვალისწინებინათ…
ჩვენ მშრომელი ხალხი ვართ. რა გვინდოდა აქციაზე. ჩვენ უნდა შევქმნათ მატერიალური სიმდიდრე. ჩვენ უნდა მოვემსახუროთ ჩვენს თანამოქალაქეებს, ჩვენ უნდა ვემსახუროთ ჩვენს ქვეყანას, მაგრამ ამისთვის გვჭირდება მშვიდი გარემო, უსაფრთხო სამუშაო გარემო და ამისთვის ყველაფერი უნდა გააკეთოს ჩვენმა ხელისუფლებამ” ,— მიმართა სიტყვით აქციაზე შეკრებილ ხალხს ერთ-ერთმა მაღაროელმა.
ჭიათურაში მაღაროელები 2 კვირაა, რაც გაფიცულები არიან. მათი ნაწილი შიმშილობს. გუშინ, 18 ივნისს, პროტესტის ნიშნად ერთმა მაღაროელმა თვალები ამოიკერა, ერთმა კი თვითდაზიანებები მიიყენა.
მაღაროელების მთავარი მოთხოვნა ანაზღაურების გაზრდა და უსაფრთხო, ღირსეული შრომითი პირობებია.
“ჯორჯიან მანგანეზი”, ბოლო განცხადების თანახმად, მზადაა, კომპანიის ფინანსური მდგომარეობა დამოუკიდებელმა აუდიტმა შეისწავლოს და მაღაროელებისთვის ხელფასების მატება მიებას „სამომავლო ფინანსურ შედეგებს“.
როგორც კომპანიის გენერალურმა დირექტორმა ლაშა თუთბერიძემ განაცხადა, გუშინ, დასაქმებულებთან შეხვედრაზე „თითქმის ყველა საკითხზე შეჯერდნენ“, ხელფასის მატების გარდა. კომპანია დასაქმებულებს ხელფასის 5%-ით მატებას სთავაზობს.
მაღაროელებისთვის კომპანიის შეთავაზება მისაღები არ არის და პროტესტს განაგრძობენ მანამ, სანამ “ჯორჯიან მანგანეზი” მათ მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებს.