პარლამენტის C კორპუსის რემონტისთვის სარეკონსტრუქციო-სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა გამოაცხადდა
შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 2,2 მლნ ლარია. დაფინანსების წყარო კი საქართველოს 2023-2024 წლების სახელმწიფო ბიუჯეტებიდან საქართველოს პარლამენტისათვის გათვალისწინებული ასიგნება.
საქართველოს პარლამენტის აპარატმა C კორპუსის მარჯვენა ფლიგელის გაძლიერების სარეკონსტრუქციო-სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა გამოაცხადა. წინადადების მიღება 4 აგვისტოს დაიწყება და 9 აგვისტოს დასრულდება.
რაც შეეხება სამუშაოების შესრულების ვადებს, სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, შესყიდვის ობიექტის – ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების მთლიანი მოცულობის მიწოდება უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან ჯამში არაუგვიანეს 180 კალენდარული დღის განმავლობაში, აქედან ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების მთლიანი მოცულობის არანაკლებ 45% და არაუმეტეს 55% შესრულება უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების გაფორმებიდან და მისი ძალაში შესვლიდან არაუგვიანეს 2023 წლის 20 დეკემბრის ჩათვლით.
სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, პრეტენდენტი ვალდებულია სამუშაოები შეასრულოს იმგვარად, რომ არ შეფერხდეს შემსყიდველი ორგანიზაციის ნორმალური ფუნქციონირება; ასევე, სამუშაოების პროცესში შემსრულებელი ვალდებულია მინიმუმამდე დაიყვანოს მუშაობით გამოწვეული ხმაურის, ვიბრაციის და მტვრის გავლენა.