ისნის რაიონში პადელის სამი მოედანი მოეწყო, რისთვისაც დედაქალაქის ბიუჯეტიდან 984 000 ლარი დაიხარჯება
თბილისის მერიამ ისნის რაიონში პადელის სამი მოედანი მოაწყო. აღნიშნული პროექტის განხორციელებისთვის ბიუჯეტიდან 984 000 ლარი დაიხარჯა.
კახა კალაძის განცხადებით, სამომავლოდ პადელის მოედნები სხვა მულტიფუნქციურ ცენტრებთანაც მოეწყობა. მისივე თქმით, რეაბილიტირდება ისანი-სამგორის კომპლექსური სპორტული ცენტრიც.
„პადელი სიახლეა სპორტში. ბოლო წლების განმავლობაში დიდი პოპულარობა მოიპოვა მთელი მსოფლიოს მასშტაბით. საქართველოშიც რამდენიმე პროექტი განხორციელდა. მიხარია, რომ მოვახერხეთ აღნიშნულ სპორტკომპლექსში ამ მოედნების მოწყობა. სამომავლოდ ვგეგმავთ, მულტიფუნქციურ ცენტრებთან ასეთი პროექტები განხორციელდეს და დარწმუნებული ვარ, ბევრი ადამიანი ისარგებლებს. გარდა ამისა, გვინდა, აღნიშნულ სპორტკომპლექსს რეაბილიტაცია ჩავუტაროთ. გარდა ამისა, აქ არის მუნიციპალური სივრცეები, სადაც შესაძლებელია სკეიტ პარკების, საჩოგბურთო და საფეხბურთო მოედნების მოეწყობა და ეს პროექტი, რა თქმა უნდა, განხორციელდება“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.
შეგახსენებთ, რომ პადელი სპორტის ე.წ. საჩოგნო სახეობაა, რომელიც გასული საუკუნის 70-იან წლებში ჩამოყალიბდა. ბოლო წლებში უფრო და უფრო მეტ ქვეყანაში მოიკიდა ფეხი სპორტის ამ სახეობამ. საქართველოში რამდენიმე წლის წინ ჩამოყალიბდა პადელის ფედერაციაც.