ორი უძველესი შენობა თბილისის კულტურული ცხოვრების სათავეში
ქალაქი, დროის გამნმავლობაში თავის გარშემო იქმნიდა სამოსს, სამოსი კი იყო შენობები, რომლებიც გამოხატავდნენ ერის სულიერ სამყაროს.
ქალაქი, დროის გამნმავლობაში თავის გარშემო იქმნიდა სამოსს, სამოსი კი იყო შენობები, რომლებიც გამოხატავდნენ ერის სულიერ სამყაროს. ისინი აყალიბებდნენ ერის კულტურას, წარმოდგენას ქმნიდნენ დედაქალაქზე და მისი განვითარების ეტაპებზე. სწორედ ამიტომ, დიდი მნიშვნელობა ენიჭება ძველი დროის ისეთ შენობებს, როგორიცაა, რუსთაველისა და ოპერისა და ბალეტის თეატრი. საქართველოს შენობებს შორის ისინი აბსოლიტური ლიდერები არიან. ჯერ მხოლოდ, მათი გარეგნობა გიქმნის ერის ლიდერობისა და სულიერი სიძლიერის შესახებ წარმოდგენას.
ერთი შეხედვით, ორივე გარეგნულად თითქოს მკაცრია, მაგრამ შიგნით შესვლისთანავე ზღაპრულ სივრცეში ხვდები, სიმყუდროვის განცდა გექმნება, გინდა მოკალათდე სადმე და მშვიდად მოუსმინო წარმოდგენას, მაგრამ ვერ ისვენებ, თითქოს ყოველ შესვლაზე გინდა აღმოაჩინო ახალი თაღი, ფრესკა, ლამპიონი, კედლის წარწერა, ვიტრაჟები, ჩუქურთმები და სარკეებიანი დარბაზები, რომლებიც ძალიან მომხიბვლელია და ყოველთვის შთაბეჭდილებას ახდენს თეატრის სტუმრებზე.
შოთა რუსთაველის სახელობის აკადემიური თეატრი
ტფილისში პირველი თეატრის გახსნა კავკასიაში რუსეთის იმპერიის მეფისნაცვალმა მიხაილ ვორონცოვმა გადაწყვიტა. პირველი გიმნაზიის შენობაში 1850 წელს პირველი ქართული სპექტაკლი დადგეს. თეატრმა სულ ექვსი წელი იარსება და ამის შემდეგ თეატრალური ცხოვრება ტფილისში დიდი ხნით ჩაქრა. მხოლოდ ქართველი მწერლების – ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლის, ივანე მაჩაბლის და ლადო მესხიშვილის დიდი მეცადინეობით მოხერხდა ქართული თეატრის აღორძინება. 1879 წლის თეატრალური სეზონი გაიხსნა ბარბარე ჯორჯაძის კომედიით – „რას ვეძებდი და რა ვპოვე“. დრო გადიოდა, თეატრი იზრდებოდა, ფართოვდებოდა, აუდიტორიას იზიდავდა. მაგრამ ისევ შენობის გარეშე იყო.
რუსთაველის თეატრის შენობის პროექტის ავტორები საგუბერნიო ინჟინერი კორნელი ტატიშჩევი და თბილისის საქალაქო არქიტექტორი ალექსანდრე შიმკევიჩი არიან. მშენებლობა ,,ისაია პიტოევისა და ამხანაგობის” სავაჭრო სახლმა ითავა. საძირკველი 1898 წლის 18 ნოემბერს გაიჭრა.
არქიტექტორებმა გვიანდელი ბაროკოსა და როკოკოს ორნამენტიკა გამოიყენეს. თავდაპირველად შენობას მრავალფუნქციური დანიშნულება ჰქონდა, იგი საკლუბო ნაგებობას წარმოადგენდა. პირველ სართულზე განთავსებული იყო მაყურებელთა, ხოლო მეორეზე – საკონცერტო დარბაზი, სარდაფი რესტორან ,,ანონას” ეკავა, რომელიც მოგვიანებით, 20–იან წლებში, ,,ცისფერყანწელთა” კაფე-რესტორან ,,ქიმერიონად” გადაკეთდა.
1949 წლის 9 ივნისს ხანძარმა შენობა გაანადგურა, გადარჩა მხოლოდ ფასადი, რუსთაველის პროსპექტზე, რომლის აღდგენა ერთ წელიწადში მოხერხდა.
XX საუკუნის 70 –იან წლებში ძნელაძის (ახლანდელი თაბუკაშვილის) ქუჩის მხრიდან შენობას შვიდსართულიანი ნაგებობა დაემატა, სადაც განთავსდა მსახიობთა საგრიმიოროები, სარეპეტიციო და სპორტული დარბაზები, ტექნიკური საამქროები.
შენობას რეკონსტრუქცია 1982 – 87 და 2003 – 2005 წლებში ჩაუტარდა.
გასული საუკუნის 80-იან წლებში ნაწილობრივ აღდგა კაფე ,,ქიმერიონის” უნიკალური ფრესკები, ხოლო ზედა ფოიეში განთავსდა კოკა იგნატოვის მიერ შესრულებული პანო – ,,თეატრი”.
ამჟამად რუსთაველის თეატრს, უახლესი აპარატურით აღჭურვილი სამი დარბაზი აქვს: დიდი – 778 ადგილი, მცირე – 263 და ექსპერიმენტული – 182 ადგილი, ასევე – ,,სამეჯლისო დარბაზი“, ,,სასტუმრო ოთახი” და VIP მისაღები.
თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიული სახელმწიფო თეატრი
საქართველოს მთავარი მუსიკალური თეატრის, თბილისის ერთ-ერთი ღირსშესანიშნაობის და ქალაქის კულტურული ცხოვრების ერთ-ერთი განმსაზღვრელი ცენტრის – ოპერის თეატრის მშენებლობას ვორონცოვის თაოსნობით 1847 წლის 15 აპრილს ჩაეყარა საძირკველი, რომელიც იტალიელი არქიტექტორის ჯოვანი სკუდიერის ხელმძღვანელობით, ოთხი წლის მანძილზე გრძელდებოდა და 1851 წლისათვის დასრულდა.
ინტერიერი მოხატა და გააფორმა რუსმა მხატვარმა გ. გაგარინმა. თეატრი აიგო თბილისის ცენტრალურ, მაშინდელ ერევანსკის მოედანზე. შენობის დაგეგმარების თავისებურება მშენებლობის პირობებით იყო ნაკარნახევი. მეფის ხაზინა უარს ამბობდა დაფინანსებაზე, ამიტომ კერძო პირს თბილისელ ვაჭარს ვინმე თამამშევს მიმართეს წინადადებით, რომ თეატრის გარდა შენობის დიდ ნაწილში სავაჭროები მოთავსდებოდა. ამასთან, მაღაზიები მის საკუთრებაში რჩებოდა, ხოლო თეატრი კი ქალაქს გადაეცემოდა. იტალიური რენესანსის სტილში აგებული მონუმენტური შენობა მაშინვე გაბატონდა მოედანზე.
პირველი ოპერის თეატრი, რომელიც 800 მაყურებელს იტევდა, ფასადით და შიდა ინტერიერით იმხანად არსებულ ევროპის თეატრებს შორის არქიტექტურული იერით გამოირჩეოდა, გაიხსნა გრანდიოზული მეჯლისით, რომელსაც თბილისის მაღალი საზოგადოება დაესწრო. რამდენიმე თვეში XIX საუკუნის ერთ-ერთ პოპულარულ პარიზულ გაზეთში „ილუსტრასიონი“ დაიბეჭდა ედმონდ დე ბარესის ვრცელი სტატია, თეატრის შიდა ხედის ორი სურათით. სტატიის ავტორი წერდა: „ქალაქის ეს ერთადერთი თეატრი, რომლის ინტერიერი მთლიანად მავრიტანული სტილითაა გაფორმებული, უდავოდ წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე უფრო ელეგანტურ, მოხდენილ და წარმტაც სათეატრო ნაგებობას, რისი აღქმაც ადამიანს შეუძლია.“
ძველი შენობა 1874 წლის 11 ოქტომბრის ხანძარმა გაანადგურა, პრაქტიკულად არ გადარჩა არც ერთი დეკორაცია, კოსტიუმი, თუ რეკვიზიტი, ვერ მოხერხდა მდიდარი სანოტო ბიბლიოთეკის გადარჩენაც. შენობა იმდენად დაზიანდა, რომ გადაწყდა ახლის აშენება. აღადგინეს მხოლოდ ზედა ნაწილი, სადაც ქარვასლა მდებარეობდა.
1896 წლის 3 ნოემბერს მაშინდელი გოლოვინის პროსპექტზე დამთავრდა არქიტექტორ ვიქტორ შრეტერის მიერ დაპროექტებული ახალი — ე. წ. „სახაზინო თეატრის“ მშენებლობა, რომელიც 1200 კაცზე იყო გათვლილი. თეატრის გეგმის პროტოტიპად რიჰარდ ვაგნერის ბაიროითის თეატრი იყო აღებული.
შენობის სახეს ისლამური არქიტექტურისთვის დამახასიათებელი ელემენტების ერთობლიობა განსაზღვრავს – კედლის სიბრტყის დამანაწევრებელი მუქი და ღია ფერის ჰორიზონტალური ზოლები, სწორკუთხა ნიშაში ჩასმული შეისრული და ნალისებური ღიობები, სტალაქტიტური ფრიზები, სტუკოს ტექნიკით შესრულებული კედლის მონაკვეთები, მუშარაბიანი სარკმლები და სხვ. ფასადის მთავარ აქცენტს წარმოადგენს უხვად შემკული ორსართულიანი პორტიკი. ინტერიერს ნაძერწ შემკულობასთან ერთად, ფსევდო-მავრიტანული მოხატულობა და ელეგანტური წვრილი სვეტების და აჟურული კონსოლებისგან შემდგარი რკინის კონსტრუქციები ამკობს.
ახალ შენობასაც 1973 წელს ხანძარი გაუჩნდა, რომელმაც თითქმის მთლიანად დააზიანა ინტერიერი.
2010 წელს ხანძრის შემდეგ თეატრის შენობა საფუძვლიანად გადაკეთდა. რეკონსტრუქციის ავტორებმა შეძლეს შენობის აღმოსავლური, ფსევდომავრიტანული სტილის შენარჩუნება, რომელსაც ქმნის ისრული თაღები, დეკორატიული კოშკურები, სტალაქტიკური მორთულობა, ორნამენტული მოტივები და ა.შ. შენარჩუნდა შენობის წინა ფასადი. ცვლილება განიცადა გვერდითმა ფასადებმა, ზოგ ადგილას დაემატა ერთი სართული. განსაკუთრებით შეიცვალა და გაიზარდა სცენის ნაწილი, საფუძვლიანად შეიცვალა მაყურებელთა დარბაზის ფორმა და იერსახე. თეატრის მაყურებელთა დარბაზი 1065 მაყურებელს იტევს. სცენას აქვს 4 მოძრავი ბაქანი. თეატრში 6 სარეპეტიციო დარბაზია, მათ შორის 3 საბალეტო, 2 საოპერო და 1 – ორკესტრისთვის. საორკესტრო ორმოს კონსტრუქცია ასაწევ-დასაწევი იატაკით სიმფონიური კონცერტების ჩატარების საშუალებას იძლევა. თეატრის ფოიეში მდებარეობს შესანიშნავი დარბაზები, ე. წ. „წითელი დარბაზი“ და „სარკეებიანი დარბაზები“, სადაც შეიძლება კამერული კონცერტებისა და სხვადასხვა სახის შეხვედრების გამართვა.
არქიტექტურა რა თქმა უნდა დროსთან ერთად ვითარდება, უამრავი საუკეთესო ნამუშეევარი იქმნება, რომელიც ალბათ დროთა განმავლობაში ასევე, არქიტექტურის ნიმუში გახდება, მაგრამ ამ ორ შენობას ვერავინ და ვერაფერი წაშლის, ის თბილისის და თბილისელების სახეა. იმ თბილისელების, რომელთაც ამ შენობის მსგავსად მრავალი საუკეთესო მოქალაქე გაუზრდიათ და მრავალი ჭირ-ვარამის მომსწრეა.