გამორჩეული იერსახის ხუთი საოფისე შენობა თბილისში
ოფისი უპირველეს ყოვლისა კომპანიის სახეა
ოფისი უპირველეს ყოვლისა კომპანიის სახეა, სწორად შერჩეული საოფისე შენობა და ავეჯი კი მას მეტად წარმოსადეგს ხდის. ოფისის სათანადოდ შერჩევით, სამუშაო ადგილი, მეტად მოსახერხებელი და კომფორტული ხდება, რაც მნიშვნელოვნად აუმჯობესებს გარემოს და დასაქმებული თანამშრომლების პროდუქტიულობას, ადამიანები ხომ ცხოვრების თითქმის მესამედს ოფისში ატარებენ.
კვლევებით დასტურდება რომ, გარემო ფაქტორებს, როგორებიცაა: ხმაური, დიზაინი, ტემპერატურა, განათება, ფერები და მცენარეების ქონა ოფისში, გავლენას ახდენს თანამშრომლების კეთილდღეობაზე, ჯანმრთელობაზე და აისახება მათ შრომისუნარიანობაზე. გამოწვევა შეიძლება იყოს ოფისის ისე მოწყობა, რომ ყველა აღნიშნული ფაქტორი იქნას გათვალისწინებული, თუმცა სამსახურში, სადაც ადამიანები დღისა და ცხოვრების დიდ ნაწილს ატარებენ, საბაზისო საჭიროებას წარმოადგენს, გარემოს კეთილმოწყობა და თანამშრომლებზე ზრუნვა.
Kalaki.ge წარმოგიდგენთ გამორჩეული იერსახის ხუთ საოფისე შენობას თბილისში:
საქართველოს ბანკი
ყოფილი საავტომობილო გზების სამინისტროს შენობა, დღევანდელი „საქართველოს ბანკის“ სათავო ოფისი 1975 წელს, არქიტექტორების, ზურაბ ჯალაღანიასა და გიორგი ჩახავას პროექტის მიერ აიგო. 1980 წელს, ამ შენობის პროექტირებისა და მშენებლობისათვის ავტორებს, „სსრკ-ის მინისტრთა საბჭოს“ პრემია მიენიჭათ. 2007 წელს კი ეს შენობა, საქართველოს ბანკმა შეიძინა.
თითქმის ნახევარი საუკუნის წინ შექმნილი ნაგებობა, დღესაც ისეთივე წარმოსადეგი და თანამედროვე ხასიათისაა, როგორც წინათ. „საქართველოს ბანკის“ სათავო ოფისის შენობა არა მხოლოდ თბილისში ან საქართველოში, მსოფლიოშიც ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი არქიტექტურული ნამუშევარია.
„არქიტექტურის ვარსკვლავი“, როგორც მას ხელოვნებათმცოდნეები და კრიტიკოსები უწოდებდნენ, წარმოადგენს ურთიერთგადამკვეთ პარალელეპიპედს, რომელიც ერთმანეთისგან შორს მდგომ, სამ ოთხკუთხა მოცულობაზე ამოდის, იკავებს საკმაოდ ვრცელ ტერიტორიას და რთულ რელიეფზეა აგებული, ფაქტობრივად მთაშია ჩაშენებული.
„საქართველოს ბანკის“ სათავო ოფისის შენობა BBC-მ, მსოფლიოში ბრუტალისტური მიმდინარეობის 10 საუკეთესო ნიმუშს შორისაც დაასახელა.
თიბისი ბანკი
თბილისში, მარჯანიშვილის N7-ში მდებარე შენობა, რომელშიც „თიბისი ბანკის“ სათავო ოფისია განთავსებული, ქალაქის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და მაღალი არქიტექტურული ღირებულების მქონე ნაგებობაა, რომელიც 1912 წელს ცნობილი პოლონელი არქიტექტორის, ალექსანდრე როგოისკის პროექტის მიხედვით აშენდა.
შენობა 4-სართულიანია, აქვს სარდაფი და სამი გუმბათი. ფასადი გაფორმებულია ორნამენტებით, რომელებიც ნაგებობის განუყოფელ ნაწილს და მისი ხასიათის განმსაზღვრელ ელემენტს წარმოადგენენ.
თუმცა „თიბისი ბანკი“ ახალი ოფისის გახსნის მოლოდინშია. ლისის ტბის მიმდებარედ არსებული შენობა ერთგვარი გადასვლაა სამუშაო სივრცის, ძველიდან ახალ მოდელზე. პროექტის ავტორი კი საერთაშორისო არქიტექტურული კომპანია UNStudio გახლავთ.
აღსანიშნავია, რომ თიბისის ახალი სათავო ოფისის დიზაინი შატილის კოშკების ინსპირაციით შეიქმნა, სადაც არქიტექტურული ნაგებობები ჰარმონიულად ერწყმის ლანდშაფტს, მათი ტერასული განლაგებისა და დიდი ზომის აივნების წყალობით. სწორედ ეს არის ამ კონცეფციის მთავარი ამოსავალი: ქალაქის ცენტრისგან მოშორებით, ლისის ტბასთან, მთის ფერდობზე შეფენილი კომპლექსი, სადაც ადამიანებზე მორგებული, ეკოლოგიურად სუფთა, გამწვანებული გარემოა შექმნილი. თიბისის თანამშრომლები კომფორტულ გარემოში მუშაობასა და დასვენებას, კოლეგებსა და სტუმრებს შორის ინტერაქციას შეძლებენ.
„თიბისი ბანკის” ახალი სათავო ოფისის მშენებლობას, 2018 წლის 17 დეკემბერს, ბანკის 26-ე იუბილეზე ჩაეყარა საფუძველი.
მეამა
ყავის მწარმოებელი ქარხანა „მეამა“, 30 ათას კვადრატულ მეტრზეა განთავსებული და წარმოადგენს ბრენდის ერთ-ერთ უმთავრეს ღირებულებას. შენობაში განთავსებულია, როგორც ყავის საწარმოო, ასევე საოფისე სივრცე.
შენობა, 2019 წელს საუკეთესო ინდუსტრიული შენობის კატეგორიაში „ArchDaily&Strelka Award“-ის გამარჯვებული გახდა და 2020 წელს კონკურსის – „Architizer A+Awards“-ის 3 ნომინაციაში მოიპოვა გამარჯვება. ასევე, კახეთის გზატკეცილზე მდებარე განსხვავებული არქიტექტურის შენობამ, უძრავი ქონების ოსკარების „FIABCI World Prix d’Excellence Awards 2023“-ში „ინოვაციური სოფისე შენობის“ ჯილდოც დაიმსახურა.
სხვადასხვა არქიტექტურული ხერხებით შენობის ის მოცულობა, რაც რეალურად შიგნიდან არის, გარედან საერთოდ არ აღიქმება. ეს ჩანს უკვე შენობაში შესვლის შემდეგ. მზის მოძრაობასთან მიმართებაში კი სიბრტყეების თამაში ხელს უწყობს შუქ-ჩრდილების ცვალებადობას, რაც მის ფასადს, დღის განმავლობაში სხვადასხვა იერსახეს აძლევს. ქუჩის მხრიდან არანაირი ღიობი ფასადზე არ არის. ის მოგაგონებთ მონოლითურ ობიექტს, რომელიც უბრალოდ მდელოზეა განთავსებული. შენობა ბუნებრივ განათებას უკანა მხრიდან, მწვანე სივრცის ტერიტორიიდან და ზემოდან განლაგებული, ატრიუმებიდან იღებს. შიგნიდან კი შენობა წარმოადგენს ერთიან, ღია სივრცეს, რომელიც ვიტრაჟების მეშვეობით ფუნქციების მიხედვით არის დაყოფილი.
შენობის არქიტექტორია გიორგი ხმალაძე, ხოლო კონსტრუქციის ბეტონის ნაგებობა ააშენა ქართულმა სამშენებლო კომპანია „იუნიქს დეველოპმენტმა“. საწარმოს აღებული აქვს ISO 9001 და ISO 22000 სერტიფიკატები.
ეროვნული ბანკის საკასო ცენტრი
თანამედროვე ტექნოლოგიით აღჭურვილი ეროვნული ბანკის საკასო ცენტრი, ზვიად გამსახურდიას სანაპირო #1-ში, 2 წლის განმავლობაში შენდებოდა. შენობის პროექტის ავტორები ქართველი არქიტექტორები არიან.
ევროსტანდარტების შესაბამისი, უსაფრთხოების თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი საკასო ცენტრი, ნაღდი ფულისა და სხვა ფასეულობების მართვის პროცესს, მაღალტექნოლოგიური პროგრამებით ახორციელებს, რომელიც საშუალებას იძლევა, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ნაღდი ფულის ნიშნების მოძრაობა, ერთიანი სისტემით აკონტროლოს.
ეროვნული ბანკის საკასო ცენტრი 2012 წელს გაიხსნა.
სოკარის ოფისი
სოკარის სათაო ოფისი იალბუზის #14-ში მდებარეობს. აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო ნავთობკომპანია – SOCAR, საქართველოს ნავთობისა და ბუნებრივი გაზის სექტორში 2006 წლიდან საქმიანობს. მის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს ნავთობპროდუქტების იმპორტი და რეალიზაცია, აგრეთვე ბუნებრივი აირის იმპორტი, მიწოდება და განაწილება სოციალური და კომერციული მომხმარებლებისთვის საქართველოს მასშტაბით.
სოკარის სათავო ოფისი საქართველოში წარმოადგენს სოკარის ყველაზე დიდ ადმინისტრაციულ შენობას აზერბაიჯანის ფარგლებს გარეთ.
ოფისი განთავსებულია თბილისის ისტორიულ ნაწილში, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე და შენობის საერთო ფართობი 17 600 მ2-ია. სოკარის ოფისის დიზაინი ბაქოში განთავსებულ მეიდანის კოშკს მოგვაგონებს, ხოლო შენობა დაყოფილია 4 ბლოკად.