როდის გაიხსნება განახლებული ოქროს ბირჟა-“თბილისი ცენტრალში”
ტერიტორიაზე ახალი სივრცე, რომლის ფართობი 5 000 კვ.მ-ია თანამედროვე სტანდარტების შესაბამისადაა მოწყობილი.
ოქროს ბირჟა ერთი კვირის ინტერვალში გაიხსნება, – ამის შესახებ “თბილისი ცენტრალის” ფინანსურმა დირექტორმა, ნათია ქადაგიშვილმა მედიასთან საუბრისას განაცხადა.
“ცენტრალში 25 000 კვ.მ გასაქირავებელი ფართია, როგორც მოგახსენეთ, 5 000 კვ.მ. მთლიანად ოქროს ბირჟას აქვს დაკავებული, დანარჩენ ფართობზე 20-25 დიდი მაღაზიაა განთავსებული, ძირითადად ტექნიკის ბრენდები, დერეფანში პატარა სამკაულის კუნძულები გვაქვს ამოტანილი, სადაც მცირე მეწარმეებს შესაძლებლობას ვაძლევთ თავისი საქმიანობა განახორციელონ და მიიღონ შემოსავალი”, – განაცხადა მან და დასძინა, რომ კომპანია სხვა მიმართულებებითაც ფიქრობს განვითარებას – “ჩვენ ჩვენი ნიშა ორი წლის წინ ვიპოვეთ და ძირითადად ტექნიკის ობიექტებზე ვართ ორიენტირებულები, თუმცა, გვსურს ტანსაცმლისა და სხვა მიმართულებით გაფართოებაც, სწორედ ამიტომ, ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს და ვმუშაობთ ახალი ბრენდების შემოყვანაზე”, – დასძინა ნათია ქადაგიშვილმა.
ცნობისთვის, დღეს “თბილისი ცენტრალის” ადმინისტრაცია 95 კაციანი გუნდისგან შედგება, ხოლო, მთლიანად ცენტრის მასშტაბით, 1 500 ადამიანია დასაქმებული.