თბილისის არქიტექტურის ღირსშესანიშნაობის “ნუცუბიძის ხიდების” რეაბილიტაცია მალე დაიწყება
თბილისის მერია ნუცუბიძეზე სამი კორპუსის დამაკავშირებელი საფეხმავლო ხიდების რეაბილიტაციას იწყებს. სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს, ხიდი დროებით დაიკეტება და მოქალაქეები ვეღარ ისარგებლებენ, პროექტის მიხედვით სამუშაოები 4 თვე გაგრძელდება. რეაბილიტაციისთვის კი, დედაქალაქის ბიუჯეტიდან 487 470 ლარი დაიხარჯება.
შეგახსენებთ, რომ, ნუცუბიძეზე ე.წ. შატილის კოშკების მშენებლობა გასული საუკუნის 70-იან წლებში დაიწყო და 1987 წელს დასრულდა. პროექტი შემუშავდა ორგანიზაცია „თბილქალაქპროექტში”, არქიტექტორ ოთარ კალანდარიშვილის ხელმძღვანელობით. სამი 16-სართულიანი იდენტური კონსტრუქციის მქონე სახლი ერთმანეთს უზარმაზარი ხიდით უკავშირდება. ქვედა კორპუსის მე-14 სართულიდან გამავალი ხიდი კვეთს შუა კორპუსს მე-12 სართულის სიმაღლეზე და ზედა კორპუსს მე-10 სართულის სიმაღლეზე. ხიდის არსებობა იმით იყო განპირობებული, რომ მოქალაქეს ზედა კორპუსებში მოხვედრისთვის არ სჭირდებოდა ფეხით აღმართზე სიარული. საკმარისი იყო პირველ კორპუსში მისვლა და ლიფტის მეშვეობით ხიდის მქონე სართულზე ასვლა.