რამ გამოიწვია თბილისში კონტეინერების დაცლისა და ნარჩენის გატანის პროცესის შეფერხება
გადავსებული ნაგვის ურნები და ანტისანიტარია ბოლო დღეების განმავლობაში, თბილისის თითქმის ყველა ქუჩაზე, მცხოვრებლების ერთ-ერთ მთავარ პრობლემად იქცა. სოციალურ ქსელში არაერთი კითხვა იწერებოდა იმის შესახებ თუ რა იწვევდა დედაქალაქში ნაგვის გატანის პრობლემას.
საკითხთან დაკავშირებით, „თბილსერვის ჯგუფმა“ განმარტება გააკეთა და აღნიშნა, რომ დედაქალის ზოგიერთ რაიონში კონტეინერების დაცლისა და ნარჩენის გატანის პროცესის შეფერხება სპეც-მანქანების გაუმართაობამ გამოიწვია. ამის შესახებ კომპანიამ, ნარჩენების გატანასთან დაკავშირებით, თბილისის მაცხოვრებლების კომენტარების საპასუხოდ სოციალურ ქსელში დაწერა.
„დედაქალის ზოგიერთ რაიონში კონტეინერების დაცლისა და ნარჩენის გატანის პროცესის შეფერხება 2007 წლიდან მოყოლებული სხვადასხვა დროს შესყიდული სპეცმანქანების გაუმართაობამ გამოიწვია. აქტიურად მიმდინარეობს ნაგავმზიდი მანქანების შეკეთება და არსებული პრობლემა უახლოეს პერიოდში აღმოიფხვრება. ამავდროულად, დასუფთავების ძველი მანქანების ახლით ჩანაცვლების პროცესი მომავალ წელსაც გაგრძელდება.“- აღნიშნეს კომპანიაში.