რა დაუჯდება დედაქალაქს პირველი ნარჩენების გადამამუშავებელი ქარხნის აშენება
26 მილიონი ევრო, ასეთია იმ თანხის რაოდენობა, რომელიც თბილისში პირველი ნარჩენების გადამამუშავებელი ქარხნის ასაშენებლად დაიხარჯება.

კონკრეტული პროექტი საქართველოში ნარჩენების სეპარირებულად შეგროვებისა და გადამუშავების დაწყების საფუძველი იქნება.
პროექტის ფარგლებში, დიდი ლილოს პოლიგონზე მასალების აღმდგენი ობიექტი და მექანიკურ-ბიოლოგიური დამუშავების საწარმო აშენდება, რომლის საშუალებითაც ნარჩენების სეპარაციისა და გადამუშავების შემდეგ, მასალის რეალიზება მოხდება.
„პირველი, რაც გაკეთდება, ესაა გადამტვირთი სადგურის მოწყობა, ფაქტობრივად ახლის მშენებლობა და ნაგავსაყრელზე არსებული მდგომარეობის მოწესრიგება. გარდა ამისა, მოწესრიგდება ლილოს ნაგავსაყრელი, რომელიც აწუხებს მოსახლეობას და ქალაქისთვის ძალიან სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. მინდა, მადლობა გადავუხადო ფინანსთა სამინისტროს მხარდაჭერისა და თანადგომისთვის, რადგან ამ პროექტის განხორციელება ქალაქისთვის ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ.
შეგახსენებთ, რომ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკსა და დედაქალაქის მერიას შორის შედგა შეთანხმება, რომლის მიხედვითაც აღნიშნული პროექტის განსახორცილებლად 26 მილიონი ევრო გამოიყო.