თბილისში მე-19 საუკუნის შენობის, აბრეშუმის მუზეუმის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
თბილისში აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმის რესტავრაცია-რეაბილიტაციის სამუშაოებს მიმდინარეობს. დედაქალაქის მერის განცხადებით, პროექტის განხორციელების შედეგად თბილისს კიდევ ერთი რეაბილიტირებული და განახლებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი შეემატება.
„აბრეშუმის მუზეუმი, რომლის რეაბილიტაციაც მიმდინარეობს, იყო უმძიმეს მდგომარეობაში. ეს არის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, რომელიც ძალიან ლამაზი ნაგებობაა. პირველი, რაც გაკეთდა, ეს იყო კონსტრუქციების გამაგრება, რომელიც ფაქტობრივად იშლებოდა. მიწის ქვემოთ არსებული გრუნტის წყლების გამო საძირკველი უმძიმეს მდგომარეობაში იყო, სარდაფები კი წყლით იყო ავსებული. დღეს ეს ყველაფერი მთლიანად რეაბილიტირებული და მოწესრიგებულია. გაკეთებულია სადრენაჟე სისტემა, რომელიც წყალს არიდებს აღნიშნულ შენობა-ნაგებობას. პროექტის დასრულებამდე ორი თვე დარჩა. თითოეულ დეტალზე და ორნამენტზე განსაკუთრებული ყურადღება არის მიმართული და ეს ყველაფერი დასრულდება ეზოს მოპირკეთებით და გამწვანების სამუშაოებით“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.
ამ ეტაპზე პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს ფასადის მხატვრული მინათების და კედლის მხატვრობის სარესტავრაციო სამუშაოები, ასევე წინა ეზოს კეთილმოწყობა.
შეგახსენებთ, რომ აბრეშუმის მუზეუმის შენობა მე-19 საუკუნეს მიეკუთვნება, ის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსს ატარებს. მუზეუმი დიდუბეში კერძოდ ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნული სტადიონის მიმდებარედ მდებარეობს.