მუზეუმების რეაბილიტაციის პროგრამა გრძელდება – Kalaki.ge-ს ობიექტივში ამჯერად აბრეშუმის მუზეუმი მოხვდა
ახალი მშენებლობა, ახლის შექმნა უდავოდ მნიშვნელოვანი ფაქტია.
ახალი მშენებლობა, ახლის შექმნა უდავოდ მნიშვნელოვანი ფაქტია. ახლის გარეშე ვერ იარსებებს ძველი და ვერც ადამიანი, რადგან ყოველი არქიტექტურული ნიმუში ადამიანისათვის იქმნება, მაგრამ ფაქტია, რომ ახალი და ძველი გარემოში ერთმანეთს უნდა ერწყმოდეს და ერთი მეორეს არ უნდა კარგავდეს, ძველი ხომ ჩვენი წარსულია და ახალი კი ჩვენი მომავალი. სწორედ ამიტომ დიდი მნიშვნელობა ენიჭება ძველის აღდგენასა და ახლის სწორად დაგეგმარებას, რაც ჩვენი დედაქალაქისთვის უდავოდ მტკივნეული თემაა.
მუდმივად ისმის საყვედურები მოქალაქეების მხრიდან, რომ ძველი არქიტექტურის ნიმუში განადგურდა, ახალი კი მახინჯი და შეუსაბამოა. რატომ რჩებათ მოქალაქეებს ეს განცდა? იმიტომ ხომ არა, რომ ახლის შექმნით არ ვფიქრობთ შენობა ისე დავდგათ, რომ გარემოს ბუნებრივი მდგომარეობა არ დაირღვეს, ქუჩებს კი მზის სხივი არ დავაკარგვინოთ, არ გავაფუჭოთ არსებული ხედები.
ქალაქის ღირებულებები თანამედროვე არქიტექტურამ არ შეიძლება შთანთქოს, პირიქით, აუცილებელია, შეინარჩუნოს და ხელი შეუწყოს, რომ მეტად წარმოაჩინოს ისინი. მნიშვნელოვანია თანამედროვე არქიტექტურის პარალელურად, აღდგეს და შენარჩუნდეს ძველი ნიმუშები და არა განადგურდეს!
თბილისის განვითარების ფონდი, მუზეუმების რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში, აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმის რესტავრაცია-რეაბილიტაციის სამუშაოებს ახორციელებს.
მიმდინარე პროექტს, დედაქალაქის მერი კახა კალაძე ფონდის ხელმძღვანელ გიორგი პაპავასთან ერთად გაეცნო.
დედაქალაქის მერის განცხადებით, პროექტის განხორციელების შედეგად თბილისს კიდევ ერთი რეაბილიტირებული და განახლებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი შეემატება.
„აბრეშუმის მუზეუმი, რომლის რეაბილიტაციაც მიმდინარეობს, იყო უმძიმეს მდგომარეობაში. ეს არის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, რომელიც ძალიან ლამაზი ნაგებობაა. პირველი, რაც გაკეთდა, ეს იყო კონსტრუქციების გამაგრება, რომელიც ფაქტობრივად იშლებოდა. მიწის ქვემოთ არსებული გრუნტის წყლების გამო საძირკველი უმძიმეს მდგომარეობაში იყო, სარდაფები კი წყლით იყო ავსებული. დღეს ეს ყველაფერი მთლიანად რეაბილიტირებული და მოწესრიგებულია. გაკეთებულია სადრენაჟე სისტემა, რომელიც წყალს არიდებს აღნიშნულ შენობა-ნაგებობას. პროექტის დასრულებამდე ორი თვე დარჩა. თითოეულ დეტალზე და ორნამენტზე განსაკუთრებული ყურადღება არის მიმართული და ეს ყველაფერი დასრულდება ეზოს მოპირკეთებითა და გამწვანების სამუშაოებით“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მიმდინარე სამუშაოებს, ასევე, გაეცნენ დიდუბის რაიონის გამგებელი ვლადიმერ ძნელაძე და საქართველოს პარლამენტის წევრი ირმა ზავრადაშვილი.
უწყების ინფორმაციით, პროექტი „მთლიანად ან ნაწილობრივ ფრანკოფონი დედაქალაქებისა და მეტროპოლიების მერებისა და ხელმძღვანელთა საერთაშორისო ასოციაციის“ თანადაფინანსებით ხორციელდება.
რეაბილიტაციის I ეტაპზე შენობა კონსტრუქციულად გამაგრდა, რეაბილიტირდა კომუნიკაციები, მოეწყო სადრენაჟე სისტემა, დაისხა ფილები, მოეწყო გათბობის სისტემა, გაიწმინდა აგურის კედლები, დამონტაჟდა რკინის შიდა კარი და ფანჯრები, მოეწყო სველი წერტილები და სართული სრულად ადაპტირდა შშმ პირების საჭიროებებზე.
მეორე ეტაპზე გაილესა და შეიღება კედლები და ჭერი, რესტავრირდა ჭერის კარნიზების ნაწილები, გამოიცვალა თუნუქის სახურავი, მუშტაიდის ბაღის მხარეს შემოიღობა ტერიტორია.
ამ ეტაპზე მიმდინარეობს ფასადის მხატვრული მინათების და კედლის მხატვრობის სარესტავრაციო სამუშაოები, ასევე წინა ეზოს კეთილმოწყობა.
დინამოს სტადიონის მიმდებარედ, გიორგი ცაბაძის ქუჩა № 6-ში არსებული მუზეუმი ერთ-ერთი უძველესია საქართველოს მუზეუმებს შორის, რომელიც დაარსდა 1887 წელს და წარმოადგენდა კავკასიის მეაბრეშუმეობის სადგურის ნაწილს.
აბრეშუმის მუზეუმის ახლანდელ შენობას საფუძველი ჯერ კიდევ 1889 წლის 9 ოქტომბერს ჩაეყარა, ხოლო თავად ნაგებობა 1892 წელს, თბილისში მოღვაწე წარმოშობით პოლონელმა არქიტექტორმა ალექსანდრე შიმკევიჩმა ააგო.
ნაგებობას ამჟამად ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის კულტურის უძრავი ძეგლის სტატუსი გააჩნია. მუზეუმში დაცულია მეაბრეშუმეობასთან დაკავშირებული მრავალფეროვანი კოლექცია, რომელიც მოიცავს, როგორც ადგილობრივად წარმოებულ, აგრეთვე მსოფლიოს 61 ქვეყნიდან შემოსულ ექსპონატებს. მუზეუმს ყოველწლიურად დაახლოებით, 3 000 ადამიანი სტუმრობს.
1930 წ. მეაბრეშუმეობის სადგურს, რომლის შემადგენლობაშიც იყო მუზეუმი და ბიბლიოთეკა, “ამიერკავკასიის მეაბრეშუმეობისა და აბრეშუმის წარმოების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი” დაერქვა, 1935 წლიდან თბილისის, 1954 წლიდან კი “საქართველოს მეაბრეშუმეობის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი”. 1969 წლამდე მას ხელმძღვანელობდა ვ.მიხინა. 1970-იანი წლებიდან მუზეუმის ისტორიის მძიმე პერიოდი იწყება: 1975 წელს ინსტიტუტმა დატოვა მუზეუმის შენობა, რომელიც 1981 წ. დინამოს სტადიონს გადაეცა. 1986-88 წწ. ირინე ჭოტორლიშვილის თაოსნობით მუზეუმის გადასარჩენად დაწყებული ბრძოლა წარმატებით დამთავრდა და მისი მეურვე მეაბრეშუმეობის სამმართველო გახდა. 1996 წ. შენობა ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის კულტურის უძრავ ძეგლად გამოცხადდა. 1998-2005 წ. მუზეუმი და ბიბლიოთეკა სოფლის მეურნეობის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულების მეაბრეშუმეობის საკოორდინაციო ცენტრის, “აბრეშუმის სახლის” დაქვემდებარებაში იყო. 2006 წელს, პირველად თავისი ხანგრძლივი ისტორიის მანძილზე, მუზეუმი გახდა დამოუკიდებელი ორგანიზაცია – სსიპ “აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმი”.
მუზეუმის შენობა 1890-იანი წლების თბილისში გავრცელებული, ეკლექტური სტილის ძალზე საინტერესო ნიმუშს წარმოადგენს. შეულესავი აგურის ნაგებობა ქვის მაღალ ცოკოლზე დგას; სიმეტრიული ფასადი ორი განაპირა და ცენტრალური ფართო რიზალიტით არის დაყოფილი. მთავარი შესასვლელის პორტიკის ბრტყელი გადახურვა ბალუსტრადით არის დასრულებული. შენობის ექსტერიერი ფსევდო-მავრიტანული და ფსევდო-გოთური სტილების ნაზავს წარმოადგენს, ინტერიერში კი კლასიცისტური ელემენტები ჭარბობს.
ინტერიერის მორთულობის დეტალები უნიკალურია, რომლებიც შენობის ფუნქიციას პასუხობს. აქ ნახავთ ნაძერწ პეპელას, აბრეშუმის ჭიას, თუთის ფოთოლს, რომელიც კაპიტელებს, ფრიზს, კარნიზსა თუ სხვა არქიტექტურულ დეტალებს ამკობს. შენობის ავთენტურობას ის ფაქტორიც განსაზღვრავს, რომ საგამოფენო დარბაზსა და ბიბლიოთეკაში შემონახულია ალექსანდრე შიმკევიჩის ესკიზებით დამზადებული ავეჯი.
მეაბრეშუმეობის სადგურის კომპლექსიდან შემორჩენილია კიდევ ერთი ნაგებობა მუზეუმის მოპირდაპირე მხარეს, დ. აღმაშენებლის გამზ. N184-ში – სადგურის თანამშრომელთათვის აგებული სახლი, რომელიც ამჟამად მუზეუმს აღარ ეკუთვნის.
უახლოეს თვეებში მიმდინარე სამუშაოები დასრულდება, მოწესრიგდება მუზეუმის ბაღი და უკანა ეზო, აღიჭურვება შიდა სივრცეები და მოეწყობა ახალი ექსპოზიციები მუზეუმის დამთვალიერებლებთან შესახვედრად.