მწვანე სივრცე თბილისელების ერთ-ერთ მთავარ მოთხოვნად რჩება, ამჯერად ახალი რეკრეაციული პროექტი დიდ დიღომში მიმდინარეობს
დაბინძურებული ჰაერი, რომელიც უამრავი რესპირაციული დაავადებების მიზეზია ბოლო წლებია დიდი გამოწვევაა ქვეყნის მთავარი ქალაქისთვის. ამიტომ მწვანე სივრცე ყველა უბანში მთავარ მოთხოვნად რჩება თბილისელებისთვის.
ამჯერად დიდ დიღომს კიდევ ერთი მწვანე სივრცე შეემატება დიდ დიღომში, როსტევანისა და ასმათის ქუჩების კვეთაზე, სკვერი ეწყობა.
„დიდ დიღომში კიდევ ერთი რეკრეაციული პროექტი მიმდინარეობს. აღნიშნული სკვერი მდებარეობს როსტევანისა და ასმათის ქუჩების კვეთაზე და ნახევარ ჰექტარ ტერიტორიას მოიცავს. სამუშაოები რამდენიმე კვირაში დასრულდება. პროექტის ფარგლებში, გაკეთდა სასეირნო ბილიკი, გამოყოფილია ასევე ველობილიკი, ბავშვებისთვის გათვალისწინებულია ატრაქციონების სივრცე, მოეწყობა ფანჩატურები, გაკეთდება სკეიტ მოედანი, რომელიც ძალიან დიდი პოპულარობით
სარგებლობს ახალგაზრდებში. ამ ფართიდან გამომდინარე, მაქსიმალურად გამოვიყენეთ ტერიტორია, რათა ყველაფერი ჩაგვეტია. საბოლოო ჯამში, ძალიან კარგი პროექტი გამოვა, როდესაც დასრულდება განათებების მონტაჟი, დაირგვება ხე-მცენარეები და მოეწყობა სარწყავი სისტემა“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.
პროექტის ფარგლებში ასევე მოეწყობა საბავშვო, სატრენაჟორო და მაგიდის ჩოგბურთის სივრცეები, დამონტაჟდება LED განათება და სარწყავი სისტემა, მწვანე სივრცეში კი დაირგვება 600-მდე ხე-მცენარე. პროექტის ღირებულება 1 400 000 ლარს შეადგენს.