მთაწმინდა სოლოლაკი სულს ღაფავს, ჭონქაძის 12-ის მძიმე ისტორია-რას წერენ სოლოლაკელები სოციალურ ქსელში
"თბილისის სადარბაზოები" ასე ჰქვია გვერდს სოციალურ ქსელში, რომლის ადმინი, საკუთარ გულისტკივილს თბილისის უძველეს უბანზე აქვეყნებს და წერს რომ, მთაწმინდა სოლოლაკი სულს ღაფავს.
ადმინის მოკლე და საინტერესო სტატუსს უცვლელად გთავაზობთ:
“დანიელ ჭონქაძის #12-ში მდგარ ამ შენობას მრავალი საინტერესო და ხშირად საკმაოდ სევდიანი ისტორია უკავშირდება.
სხვადასხვა ეპოქაში სახლის მეპატრონე და სოციალური შიგთავსი სხვა იყო და ამავდროულად იგი მუდამ გამორჩეულ არქიტექტურულ ნაგებობათა რიცხვს მიეკუთვნებოდა. საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიამ შეძლო სახლის და მასში მცხოვრები ადამიანების შესახებ საარქივო მასალა, ზეპირი ისტორიები და დოკუმენტური მასალა ერთად შეეგროვებინა და ერთიანი ამბის სახით გადმოეცა.
გუდოვიჩის ქუჩის მშვენებას – 1910-იანი წლების პირველ ნახევარში, არქიტექტორ მიხეილ ოჰაჯანოვის მიერ აგებულ #12 სახლს, რომლის მოსართავად დამკვეთმა სახსრები არ დაიშურა და ფასადის მოსაპირკეთებელი მასალა პარიზიდან და ვენეციიდან ჩამოატანინა, თავიდანვე უცნაური ბედი დაჰყვა; 1915 წელს ტფილისელი თამბაქოს მრეწველის ბოზარჯიანცის ბინამ, საუკეთესო საცხოვრებელ სახლზე გამოცხადებულ კონკურსში მეორე ადგილი – ვერცხლის მედალი მიიღო, თუმცა მაინც ტფილისის საუკეთესო სახლად ჩაითვალა, რადგან კონკურსის პირობების შესაბამისი, ოქროს მედლის კანდიდატად წარსადგენი ნაგებობა ქალაქში ვერ იპოვნეს. დღესდღეობით სახლი
ძალიან ცუდ მდგომარეობაში დამხვდა. ”
ამ სევდიანი ერთი ამბის მიღმა ფაქტობრივად მთელი ძველი თბილისი დგას, რომელიც სასწრაფო რეაბილიტაციას საჭიროებს.
შეგახსენებთ, რომ დედაქალაქის მერმა ინვესტორებს თანამშრომლობა შესთავაზა, რომლის მიხედვითაც მათ ძველი თბილისის ავარიული სახლების პროექტირება და მასში მცხოვრები ადამიანების საცხოვრებლით დაკმაყოფილება ევალებათ. ინვესტორები კი თავის მხრივ მერიისგან მიიღებენ სარგებელს.