საერთაშორისო კომპანია MOTT MACDONALD-ი თბილისის მერიას ტრამვაის ქსელის განვითარებას ურჩევს
ბოლო პერიოდია დედაქალაქის საზოგადოებრივი ტრანსპორტი ჩვეულზე მეტად გადატვირთულია, განსაკუთრებით კი მეტროთი მგზავრობა გახდა რთული. ე.წ. პიკის საათებში ხალხის ნაკადი მეტროს შესასვლელებიდან იწყება.
როგორც საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია MOTT MACDONALD-ის წარმომადგენელი ამბობს, თბილისის მეტროს განვითარებას, რომელიც ძვირი ჯდება, მიწისზედა ტრანსპორტის განვითარება ჯობია, რომელიც ბევრად უფრო ხარჯთეფექტურია. მარკ სელინი თბილისში ტრამვაის ქსელის განვითარების შესაძლებლობაზე საუბრობს.
“ახალი მეტროსადგურების მშენებლობა ძვირია, მაგრამ შეგვიძლია განვავითაროთ მიწისზედა ტრანსპორტი. ქალაქში რკინიგზის ან თანამედროვე ტრამვაის ქსელის მოწყობა უფრო იაფია. ამ გზით შედარებით ნაკლებ თანხაში მეტი კილომეტრის დაფარვას შეძლებ. ამ გზით შესაძლებლობა გექნება დააკავშირო ერთმანეთს და განავითარო საზოგადოებრივი მნიშვნელობის გზები. ასე რომ, რა თქმა უნდა, შეგიძლიათ განავითაროთ მეტროს ქსელი, მაგრამ ამ მიმართულებით ინვესტირებით უფრო ნაკლები კილომეტრაჟის დაფარვას შეძლებთ”, – ამბობს MOTT MACDONALD-ის წარმომადგენელი მარკ სელინი.
შეგახსენებთ, რომ ტრამვაის ხაზები 2006 წელს გაუქმდა, მოგვიანებით 2012 წელს დედაქალაქის მერიის მხრიდან გაჟღერდა იდეა, რომ თბილისს ტრამვაი დაებრუნებინა, მაგრამ მალევე გაირკვა, რომ ეს ყველაფერი დიდ თანხებთან იყო დაკავშირებული.
აღსანიშნავია, რომ kalaki.ge-მ ცოტა ხნის წინ მოიკითხა თბილისის მერიაში, ხომ არ იყო რაიმე სიახლე ამ მიმართულებით? რაზეც უწყებისგან მივიღეთ პასუხი, რომ ამ დროისთვის მსგავსი საკითხი არ განიხილება.