თბილისში მოსწავლეების მიერ შექმნილი მაკეტის მიხედვით, ახალი სკვერი მოეწყო
თბილისის 108-ე საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლეების მიერ შემუშავებული მაკეტის მიხედვით, ვარკეთილის მესამე მასივში ახალი სკვერის მოწყობის სამუშაოები დაასრულა.
სკვერის მაკეტი მოზარდებმა, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ზოგადი განათლების რეფორმის ფარგლებში, მათემატიკის საგანში კომპლექსური დავალების შედეგად გეომეტრიული ფიგურებისა და მათემატიკური გამოთვლების გამოყენებით შექმნეს. მოსწავლეები სკვერის განაშენიანების პროცესის ყველა ეტაპზე აქტიურად იყვნენ ჩართულები.
დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, ადგილზე დასასვენებელი და საბავშვო სივრცეები მოეწყო, დამონტაჟდა გარე განათებისა და სარწყავი ქსელები. ტერიტორია ღობითა და საბაღე გაზონით შემოისაზღვრა. სკვერი გამწვანდა, დაირგო სხვადასხვა ჯიშის ხე-მცენარე. დამონტაჟდა სკამები, და სეპარირებული ურნები. ასევე, დაიგო ბეტონის საფეხმავლო ბილიკები. ადგილზე სკვერისთვის საჭირო ყველა თანამედროვე ინვენტარი განთავსდა და მოეწყო ახალი საპარკინგე სივრცე.
სკვერი 3 500 კვ.მ-ზე, მესამე მასივი, მეათე კვარტალი, კორპუსი N23-ის მიმდებარედ არის განთავსებული.
აღსანიშნავია, რომ პროექტის განსახორციელებლად გამგეობის ბიუჯეტიდან 505 000 ლარი გამოიყო.