„მონოლით გრინ სითი“ – ახალი საცხოვრებელი კომპლექსი ორთაჭალაში
უნდა ვიცხოვროთ თუ არა მჭიდროდ დასახლებულ ურბანულ ცენტრებში, სადაც ხმაური და დაბინძურებული ატმოსფერო ქალაქის განუყრელი ნაწილია?
უნდა ვიცხოვროთ თუ არა მჭიდროდ დასახლებულ ურბანულ ცენტრებში, სადაც ხმაური და დაბინძურებული ატმოსფერო ქალაქის განუყრელი ნაწილია? - ეს საკითხი თბილისის მაცხოვრებლებს შორის არაერთხელ გამხდარა განხილვის საგანი. ერთი ნაწილი თანხმდება, რომ ურბანული განვითარება ქვეყნის წინსვლას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს, მეორე ნაწილი კი დედაქალაქში მასშტაბური განაშენიანების კატეგორიული წინააღმდეგია.
გადატვირთული მოძრაობა გზებზე და ტროტუარებზე, მწვანე ზონის სიმცირე, დაბინძურებული ჰაერი, სამშენებლო ინდუსტრიის პროგრესის შედეგად გამოწვეული ხმაური – ეს ყველაფერი დიდი ქალაქების შემადგენელი ნაწილია.
ერთია, რომ ურბანული პროგრესი ხელს უწყობს ეკონომიკის ზრდასა და ცხოვრების მნიშვნელოვნად გაუმჯობესებას, თუმცა ქალაქის მაცხოვრებლების ფიზიკურ ჯანმრთელობასა თუ მენტალობაზე შეიძლება უარყოფითი ზეგავლენა მოახდინოს. ფაქტია, რომ ურბანული ცხოვრება კომპრომისს მოითხოვს. დიდი სარგებლის სანაცვლოდ ბევრის დათმობაც გვიწევს.
ამ გამოწვევების საპასუხოდ თბილისის ცენტრსა თუ მის შემოგარენში გამწვანებულ სამშენებლო კომპლექსებზე მოთხოვნა საგრძნობლად არის გაზრდილი. ადგილი, რომელიც მოსახლეობას განტვირთვისა და დასვენების საშუალებას აძლევს.
შესაბამისად საინტერესოა რას გვთავაზობენ სამშენებლო-დეველოპერული კომპანიები, რათა მობინადრეებმა ხმაურს, დაბინძურებითა და გადატვირთული ქუჩებით გამოწვეულ დისკომფორტს თავი დაავაღწიოთ?
ასეთი პროექტები დედაქალაქის ცენტრსა თუ მის შემოგარენში, უკვე აქტიურად ხორციელდება. მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური თავისი ტერიტორიით, რეკრეაციული ზონითა და სერვისების მრავალფეროვნებით არის დეველოპერული კომპანია – „მონოლით ჯგუფის“ მრავალფუნქციური, თანამედროვე პროექტი.
სანამ უშუალოდ კონკრეტული ობიექტის მშენებლობის დეტალებზე ვისაუბრებთ, გაგაცნობთ კომპანია „მონოლით ჯგუფს“. კომპანია, სამშენებლო სფეროში 2013 წლიდან ოპერირებს. როგორც „მონოლით ჯგუფში“ აცხადებენ, ქართულ სამშენებლო ბაზარზე კომპანიამ თავი დაიმკვიდრა, როგორც სანდო და მომხმარებლის მოთხოვნებზე მორგებულმა კომპანიამ. „მონოლით ჯგუფი“ სამშენებლო, სარეკონსტრუქციო, სარესტავრაციო და სარემონტო სამუშაოების სრულ პაკეტს უზრუნველყოფს. კომპანიის ხელმძღვანელობითა და თანამონაწილეობით არაერთი მრავალფუნქციური კომპლექსი, საცხოვრებელი სახლი თუ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია აშენებული და აღდგენილი. ამ წლების განმავლობაში კომპანიამ 12 პროექტის მშენებლობა დაასრულა და მის კომპლექსებს 3000-ზე მეტი მობინადრე ჰყავს.
„მონოლით გრინ სითი“ – ასე ჰქვია ახალ უბანს ძველ თბილისში, რომელსაც კომპანია ორთაჭალაში, ნადიკვარის ქ. N 34-ის მიმდებარედ აშენებს. კომპლექსი 12 ჰექტარზეა გადაჭიმული და 21 საცხოვრებელ ბლოკს მოიცავს. ახალი უბანი ძველ თბილისში 2,5 კმ-მდე მანძილითაა დაშორებული ისეთ ტურისტულ ადგილებს, როგორიცაა აბანოთუბანი, მეტეხის ხიდი, ნარიყალას ციხე, ბოტანიკური ბაღი და რიყის მოედანი.
„ჩვენი პროექტის ერთ-ერთი ბენეფიტი არის ლოკაცია. პროექტი მდებარეობს ორთაჭალაში, 12 ჰექტარზე და მასშტაბიდან გამომდინარე, ნაწილი ეკუთვნის ორთაჭალას, ნაწილი – კრწანისს. ადამიანებს, ვისაც მობეზრდათ, არ შეუძლიათ ხმაური, საცობები და უნდათ ქალაქგარეთ გასვლა, შეუძლიათ, მოგვმართონ, რადგან ჩვენი პროექტი მდებარეობს ისეთ ადგილას, რომ არის ქალაქთან ძალიან ახლოს და ამავდროულად, მოშორებით, ეკოლოგიურად შედარებით სუფთა ადგილას“, – აცხადებენ „მონოლით ჯგუფის” გაყიდვების დეპარტამენტში.
მაქსიმუმ 5-10 სართულიანი 2500 ოჯახზე გათვლილი შენობები, 1 ოთახიან, 2 ოთახიან, 3 ოთახიან და 4 ოთახიან ბინებს მოიცავს. ბინების ფართები კი 38,1–261,3 მ2-ს შეადგენს.
ტერიტორიაზე განთავსდება სკოლა, ბაღი, აუზი, სატრენაჟორო დარბაზი და 5 კილომეტრზე გადაჭიმული ველობილიკი, სკვერები, პავილიონები და 4000 კვ.მ ფართობზე მოეწყობა დენდროლოგიური ბაღი, სადაც იფანები, ნეკერჩხალ-ქორაფები, ესპანური სოჭი და იტალიური ფიჭვი იქნება გაშენებული, რათა მობინადრეებს სიმწვანე და სუფთა ჰაერი არ მოაკლდეთ. ყველაფრის ერთ სივრცეში მოქცევის მიზანი კი მომხმარებელის კომფორტზეა გათვლილი.
კომპანია გვპირდება, რომ „მონოლით გრინ სითიდან“ ხელის გულივით გამოჩნდება ქალაქის ისტორიული ადგილები და გორაკებზე აშენებული უბნები, რაც მას საინვესტიციოდაც საინტერესოს გახდის.
კომპლექსის მშენებლობა სამ ეტაპად ხორციელდება, პირველი ეტაპის სამუშაოები უკვე დასრულებულია, მეორე ეტაპი 2023 წლის დეკემბერში, ხოლო მესამე 2024 წლის დეკემბერში დასრულდება. ახალი ბინები მომხმარებელს თეთრი კარკასის კონდიციით ჩაბარდებათ. რაც შეეხება ფასებს, აქ 1 კვ.მ-ის ფასი 2 218 ₾-დან იწყება.
„ამ ეტაპზე, ფასებიდან გამომდინარე, ჩვენ გვიჭირავს ძალიან საშუალო ლოიალური ღირებულება, მით უმეტეს იმ უბნისთვის, სადაც ვართ წარმოდგენილები. ორთაჭალის უბნისთვის მოვიცავთ, ძირითადად საშუალო ფენას და ნებისმიერ ფენას, რადგან ბინების ძალიან მრავალფეროვანი არჩევანი გვაქვს“, – აღნიშნავენ „მონოლით ჯგუფში“
სამშენებლო ბაზარზე, განსაკუთრებით პანდემიის შემდეგ, კიდევ უფრო ტენდენციური გახდა მშენებლობის პროექტირებისას მიმდებარე ტერიტორიის მწვანე ზონით უზრუნველყოფა, რასაც ბოლო დროს განხორციელებულმა მთავრობის დადგენილებამაც შეუწყო ხელი, რის მიხედვითაც მშენებლობის ნებართვის მისაღებად გამწვანების პროექტის მომზადება სავალდებულო გახდა.