სახელმწიფოს კუთვნილი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების მისაკუთრების ფაქტებზე, ამნისტიის კანონი ამოქმედდა

ამიერიდან სახელმწიფოს კუთვნილი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების მისაკუთრების ფაქტებზე, ამნისტიის კანონი ამოქმედდა. ინფორმაცია საქართველოს პროკურატურამ გაავრცელა, უწყების განმარტებით კანონის ინიცირებით ათასობით მოქალაქე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან განთავისუფლდება.

სახელმწიფოს კუთვნილი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების მისაკუთრების ფაქტებზე, ამნისტიის კანონი ამოქმედდა

როგორც უწყებაში აცხადებენ, ამნისტიის შესახებ კანონის ინიცირების მიზანი იყო იმ ათასობით მოქალაქის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან გათავისუფლება, რომლებმაც სახელმწიფოს კუთვნილი მიწის ნაკვეთები დანაშაულებრივი გზით მიისაკუთრეს. ამნისტიის კანონის გამოყენებით პირი ნასამართლევად არ ჩაითვლება.

კანონის თანახმად, ამნისტია ვრცელდება სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე, რომელზეც საკუთრების უფლება დანაშაულებრივად არის მოპოვებული. იმ შემთხვევაში, თუ მიწის ნაკვეთი კერძო პირთა საკუთრებაში იყო და მოხდა მისი სხვა პირის მიერ დანაშაულებრივი გზით დაუფლება, ასეთ ფაქტებზე, ხსენებული კანონი არ ვრცელდება.

ამნისტიის კანონი სისხლისსამართლებრივი დევნისა და სასჯელისგან, მათ შორის, აღუსრულებელი ჯარიმისგან და პირობითი მსჯავრისგან ათავისუფლებს პირს, რომელმაც 2023 წლის 1 სექტემბრამდე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე – თაღლითობის მუხლით ან/და 362-ე – ყალბი დოკუმენტის, ბეჭდის, შტამპის ან ბლანკის დამზადების, გასაღების ან გამოყენების მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის გზით, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე მოიპოვა საკუთრების უფლება და თუ აღნიშნული პირი სახელმწიფოსთვის მიყენებულ ზიანს აანაზღაურებს. ასევე, ამნისტია თანაბრად ვრცელდება როგორც დანაშაულის უშუალო ამსრულებელზე, ისე თანამონაწილეზე.

აღსანიშნავია, რომ თუ პირს სურს მასზე გავრცელდეს ამნისტიის შესახებ კანონით დადგენილი შეღავათი, მან ზიანი უნდა აანაზღაუროს 2024 წლის 1 სექტემბრამდე. ზიანის ანაზღაურება გულისხმობს დანაშაულებრივად დაუფლებული სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთის ყოველგვარი სამართლებრივი ვალდებულებისგან თავისუფალ მდგომარეობაში სახელმწიფოსთვის დაბრუნებას, ხოლო თუ ეს შეუძლებელია – მიწის ნაკვეთის ღირებულების თანხის სახელმწიფო ბიუჯეტში შეტანას.

აღნიშნული დანაშაულის მომზადების ან მცდელობის შემთხვევაში, პირზე ამნისტია გავრცელდება, თუ ის ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

ამნისტია არ შეეხება საჯარო მოხელეებს, რომლებმაც დანაშაული სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით ჩაიდინეს. ამნისტია ასევე არ გავრცელდება ორგანიზებული ჯგუფის მიერ დანაშაულის ჩადენის შემთხვევებზე.