ნახეთ როგორ შეიცვალა მიწის ღირებულება თბილისში უბნების მიხედვით?

2022 წელს დიღომში ჯამურად 962 მიწის ნაკვეთი გაიყიდა, რაც 2021 წლის მაჩვენებელს 13%-ით ჩამორჩება.

გასული წლის განმავლობაში დეველოპერული მიზნებისთვის დედაქალაქში ყველაზე მეტი მიწა დიდ დიღომში გაიყიდა. ინფორმაცია TBC Capital-ის მიერ გამოქვეყნებული სამშენებლო სექტორის გზამკვლევის მიხედვით ვრცელდება.

მიმოხილვის ავტორები აღნიშნავენ, რომ თბილისის უბნების უმეტესობაში მიწის ტრანზაქციების მხრივ 2021 წელი ყველაზე აქტიური აღმოჩნდა.

„2022 წელს, გაყიდვების ყველაზე დიდი რაოდენობა დიდ დიღომში დაფიქსირდა (962), რაც 2021 წელთან შედარებით 13%-ით ნაკლებია. მას შემდგომ მოყვება სამგორი (+25%) 394 ტრანზაქციით და ისანი (+1%) 234- ით“, – ამბობენ მიმოხილვის ავტორები.

ბათუმის შემთხვევაში, გარეუბნებთან შედარებით პერიფერიებში მიწის ტრანზაქციების გაცილებით მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდება. წლიური ზრდაც პერიფერიებში უფრო მაღალია და 2022 წელს 19%-ს აღწევს. ამავე პერიოდში კი გარეუბნებში მხოლოდ 2%-ნი ზრდა დაფიქსირდა.

რაც შეეხება მიწის ღირებულებას, თბილისის უბნებში ყველაზე მაღალი საშუალო ფასებით ცენტრალური უბნები – მთაწმინდა, ვაკე და საბურთალო გამოირჩევა.

„განსაკუთრებით აღსანიშნია მთაწმინდის 2022 წლის მაჩვენებელი, რომელიც 2019 წლის დონეს 46%-ით აღემატება. 2022 წელს წლიური კლება საშუალო გასაყიდ ფასში დაფიქსირდა კრწანისში (-31%), საბურთალოსა (-12%) და ნაძალადევში (-7%).