მეწყრული პროცესების გამო, სურამიდან 40 ოჯახი საშიში ზონიდან გაიყვანეს
სურამში, ბოლო დღეებში მოსული ნალექის შედეგად, მეწყრული პროცესი განვითარდა და 40 ოჯახი, საშიში ზონიდან გაიყვანეს. შემთხვევა ღამის 10 საათზე მოხდა. მეწყრული პროცესის შედეგან არავინ დაშავებულა. აღნიშნული ინფორმაცია ხაშურის მერიამ გაავრცელა.
უწყება მოუწოდებს მოქალაქეებს, რომ აუცილებლად გაითვალისწინონ სათანადო სამსახურების ყველა რეკომენდაცია და არ გასწიონ გაუმართლებელი წინააღმდეგობა.
“მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით საჭირო გახდა ადგილობრივ მცხოვრებთა შორის 10 მოქალაქის გადაყვანა სასტუმროში და 40 ოჯახის საშიში ზონიდან გაყვანა. ოჯახები გადაყვანილნი არიან უსაფრთხო ადგილას. გარდა ამისა, ადგილზე მობილიზებულია მერიის, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის და შსს-ს შესაბამისი თანამშრომლები. მოსახლეობას დაბეჯითებით მოვუწოდებთ, რომ აუცილებლად გაითვალისწინონ სათანადო სამსახურების ყველა რეკომენდაცია და არ გასწიონ გაუმართლებელი წინააღმდეგობა, ვინაიდან ხსენებული რეკომენდაციები მნიშვნელოვანია თქვენი და თქვენი ოჯახის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოებისათვის.
რაც შეეხება ხსენებულ ფაქტს, ვინაიდან ღამით ადგილზე შეუძლებელი და საფრთხის შემცველია რაიმე საქმიანობის განხორციელება, ხვალ დილიდანვე გეოლოგიური სამსახურის წარმომადგენლები შეისწავლიან მეწყრულ პროცესებს და კვალიფიციურად შეაფასებენ როგორც მომხდარს, ისე არსებულ რისკებს.გეოლოგიური სამსახურის შეფასების შემდგომ კი შესაბამისი სახელმწიფო სამსახური მეწყრული პროცესის აღმოსაფხვრელად იმოქმედებს შემჭიდროებულ ვადებში.მოსახლეობას მოვუწოდებთ სიმშვიდისკენ და კიდევ ერთხელ ვურჩევთ, დაემორჩილონ მერიის, საგანგებო სიტუაციების სამსახურის და შსს-ს წარმომადგენლების რეკომენდაციებსა და მოთხოვნებს” – წერია ხაშურის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.